შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და თანასწორი პირობების შესაქმენლად. თავისუფალი ადამიანი პროგრესის წყაროა.  ხელისუფლების ფუნქცია არის, არ ხელყოს ინდივიდის თავისუფლება. გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება არის თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი საყრდენი, რადგან მხოლოდ ინფორმირებულ და თვითრეალიზებულ ადამიანს შეუძლია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება.


საჭიროა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების და ინდივიდების პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება და სისტემური მიდგომის შემუშავება. სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს თანასწორი გარემოს შექმნისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფისაკენ.


ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ლგბტ პირები, როგორც მოწყვლადი სოციალური ჯგუფები, საჭიროებენ ინდივიდუალური მიდგომების შემუშავებას.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მიერთებულია "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კონვენციას და მიღებულია კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რეალურ ცხოვრებაში არასაკმარისია ყოფით დონეზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმები. ამიტომ აუცილებელია ასეთი მექანიზმების შექმნა, კერძოდ, სათანადო სანქციებისა და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება, დისკრიმინაციის ფაქტების გამოსავლენად სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებამოსილების გაფართოება.


განსაკუთრებული პრობლემაა ლგბტ ადამიანების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა. ისინი ხშირად არიან ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი. ამ თემ(ებ)ის წარმომადგენლები დისკრიმინაციას განიცდიან ცხოვრების  სხვადასხვა სფეროში. პრობლემას ამძაფრებს მათთან დაკავშირებული საკითხების მორალურ და არა უფლებრივ ჭრილში განხილვა. აუცილებელია დანაშაულისა და ძალადობის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება და კანონის მოთხოვნების სამართლიანი მისადაგება.

პარტიის პოზიცია