შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, რესპუბლიკური პარტიის მონაწილეობით, შემდგომი მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შედეგად:

  • მიღებულია ფინანსური ბაზრების ქმედითი რეგულაციები და კანონის ფასიანი ქაღალდების შესახებ ახალი  რედაქცია.

  • ხდება საფონდო ბაზარზე მოქმედი საფინანსო ინსტიტუტების  საქმიანობის რეეგულაცია.

  • ხდება ბაზრის   მხრიდან  (ემიტენტებისგან) ინფორმაციის სისტემატიზება მათივე სააქციო საზოგადოების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ, რითაც პოტენციური ინვესტორისათვის  გადაწყვეტილების მიღება გამარტივებულია.

  • მსხვილი კომპანიები არ იმყოფებიან არაკონკურენტულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში  და მათთვის ისეთივე  თამაშის პირობები არსებობს, როგორც ყველა სხვა დანარჩენისათვის.

  • აღმოფხვრილია საბანკო მექანიზმებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზარს შორის არსებული ასიმეტრია კანონმდებლობის და რეგულირების სხვადასხვა სფეროებში (მაგ., საგადასახადო, სავალუტო რეგულირება და ა.შ.).

  • საბანკო სფეროს კონტროლიდან გამოყვანილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა (საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი) და მასზე საკუთრების დივერსიფიკაციის იმგვარი მექანიზმია დამკვიდრებული, რაც  უზრუნველყოფს „სამართლიანი სათამაშო მოედნის" პრინციპს და ინვესტორთა და ემიტენტთა სრულ ნდობას იმსახურებს.
  • განხორციელებულია საპენსიო რეფორმა, რომლის  შედეგადაც მოქმედებს სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელშიც აკუმულირებული სახსრების დიდი ნაწილის ინვესტირება სწორედ ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში,  ადგილობრივ ეკონომიკაში ხდება.

  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო ასრულებს ვალდებულებას, ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანოს კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ და მომიჯნავე კანონები.  ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელშიც  მკაფიოდაა ჩამოყალიბებული მთავრობის ხედვა შემდეგ საკითხებთან მიმართებით: ვაჭრობამდე და ვაჭრობის შემდეგ გარიგებებისა და ფასის გამჭვირვალობის ზრდა, ემიტენტების ფინანსური ანგარიშგებისა და ინფორმაციის ღიაობა, ინვესტორთა თანაბარ პირობებში მოქცევის უზრუნველყოფა და ა.შ.
პარტიის პოზიცია