შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

ბოლო წლების საგარეო რყევების ფონზე ნათელი გახდა, რომ არც ეროვნულ ბანკს და არც საქართველოს მთავრობას არ გააჩნიათ  შესაბამისი ვარიანტული გეგმები, თუ რა მეთოდებით და საშუალებების შეიძლება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საგარეო შოკების გავლენა შიდა სავალუტო ბაზარზე.


საჭიროა, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ყოველწლიურ დოკუმენტში შემოთავაზებული იქნეს ის ბერკეტები და მონეტარული რეგულირების ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც მკვეთრად შემცირდება  შიდა სავალუტო ბაზარზე ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილებები.


ლარის გაცვლითი კურსის დადგენის წესი არ არის გამჭვირვალე და ეს საკითხი საჭიროებს  დაუყოვნებლივ გადახედვას. ცხადია, არ ვგულისხმობთ, რომ „ბლუმბერგის" სისტემაში აღარ მოხდეს გარიგებები, თუმცა ბაზრის მონაწილეებისათვის და საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სავალუტო გარიგებების შედეგად მოხდა ლარის გაცვლითი კურსის განსაზღვრა.


გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ უნდა გადაიხედოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვის პოლიტიკა, რომელიც დღეს ემსახურება ეროვნული ბანკის მხრიდან მხოლოდ ერთ მიზანს - რეზერვების მოცულობის განუხრელ ზრდას.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების დანიშნულება არ არის მხოლოდ მისი დაგროვება, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მისი ხარჯვაც, სავალუტო ინტერვენციების გზით. სავალუტო რეზერვები, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს შიდა სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას და მისი  ხარჯვა ნებისმიერი მასშტაბით გამართლებული იქნება, თუ თავიდან ავიცილებთ ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვალებადობას და  ინფლაციურ მოლოდინს.


გარდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ხარჯვისა, ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს რეგულირების სხვა ალტერნატიული ინსტრუმენტებიც, რათა შიდა სავალუტო ბაზარზე დააკმაყოფილოს უცხოურ ვალუტაზე არსებული გაზრდილი მოთხოვნა. ასეთ ინსტრუმენტად შესაძლებელია კომერციული ბანკების უცხოურ ვალუტაში არსებული მინიმალური რეზერვების გამოყენება, რომლის  ზღვრული მოცულობის  გარკვეული ოდენობით შემცირება  საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს, სავალუტო რეზერვების პარალელურად, შექმნას შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების ალტერნატიული წყარო, რითაც დაზოგავს სავალუტო რეზერვებს.

პარტიის პოზიცია