ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა აბსტრაქტულ ეკონომიკურ ზრდაზე, არამედ რეალურ ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც გულისხმობს ეკონომიკის რეალურ სექტორზე აქცენტს, მდგრად და დაბალანსებულ განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ ქალაქსა და სოფელში, რომელიც აისახება თითოეული ადამიანების და ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას და საშუალო ფენის ფორმირებას, რაშიც უდიდესი როლი ენიჭება შესაბამის საგადასახადო სისტემას.
საგადასახადო პოლიტიკა, გადასახადის სახეების რაოდენობისა და საგადასახადო განაკვეთების თვალსაზრისით, საკმაოდ ლიბერალურია. თუმცა საგადასახადო პოლიტიკის და საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფას პოზიტიური ზეგავლენა ექნება სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში, პროპორცული განაკვეთი (ანუ ანალოგიური განაკვეთი ნებისმიერი შემოსავლის შემთხვევაში) არასამართლიანად მაღალ საგადასახადო ტვირთს აკისრებს დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ გატარდება ცვლილებები, საგადასახადო განაკვეთები დაეფუძნება პროგრესულ პრინციპს და განაკვეთები იქნება საფეხურებრივი, 10-დან 15 პროცენტამდე, პირის მიერ მიღებული შემოსავლების მიხედვით. ამასთან, საშემოსავლო გადასახადთან კომბინირებული იქნება სავალდებულო საპენსიო და სამედიცინო დაზღვევის სავალდებულო შენატანი 2-დან 5 პროცენტამდე.
საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან გადასახადის გადამხდელს ექნება საშუალება გამოქვითოს ცალკეული ხარჯები, მათ შორის: განათლებასთან, დაზღვევის გარდა ჯანმრთელობის დაცვასთან, ცალკეულ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები კანონით დადგენილ ფარგლებში.
2017 წლის 1 იანვრიდან ხდება რეინვესიტრებული მოგების გათავისუფლება მოგების გადასახადისგან, ჩვენ მიერ ინიცირებული იქნება ცვლილება, რომლის შესაბამისადაც საწარმოს დაქირავებულებისათვის დამქირავებლების მხრიდან სავალდებულო სამედიცინო და საპენსიო დაზღვევის შენატანების თანადაფინანსება, აგრეთვე, დაქირავებულთა განათლებაზე გაწეული ხარჯები გამოირიცხება მოგების გადასახადის დაბეგვრის ბაზიდან.
მოხდება საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი სრულყოფა, გადასახადის გადამხდელების ინტერესების მეტი დაცვის მიმართულებით, მათ შორის მოხდება ეკონომიკური დანაშაულის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო დეკრიმინალიზაციის ფონზე, ფინანსური პოლიციის ლიკვიდაცია და მისი ფუნქციების გადანაწილება საგადასახადო და საგამოძიებო ორგანოებს შორის.