ქვეყანაში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მნიშვნელოვანი პარამეტრია, მაგრამ ის ეკონომიკური განვითარების სინონიმი არ არის, გაცილებით მნიშვნელოვანია მისი შიდა სტრუქტურა და ბენეფიციარები, რომლებზეც ის ახდენს გავლენას. მშპ-ის ზრდა, ძირითადად, მსხვილი კომპანიებისა და ფირმების წარმატებას ასახავს, რომლებიც დიდწილად სახელმწიფო შეკვეთების ხარჯზე მუშაობენ, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადად დამსაქმებლად გვევლინება, მასში უმნიშვნელოა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არც სექტორულად და არც გეოგრაფიულად არ არის დივერსიფიცირებული - მხოლოდ რამდენიმე სექტორი ვითარდება და რეგიონების მკვეთრი ჩამორჩენის ფონზე, ძირითადად, დედაქალაქია წამყვანი. „ეკონომიკურ ზრდას" მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მდგომარეობა არ გაუუმჯობესებია.
მშპ-ის ზრდა ავტომატურად არ განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, თუ არ მოხდა მისი სარგებლიანობის „ინტენსიფიცირება" - თუ არ დაიძლია შემოსავლების განაწილების მაღალი უთანაბრობა და ეკონომიკის წარმატება ყველა ოჯახმა არ იგრძნო; თუ საჯარო ფინანსების მართვაში არ დამკვიდრდა ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის თანამედროვე სტანდარტები და საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადები მაქსიმალურად ოპტიმალური სახით არ დაიხარჯა; თუ ოჯახი, ხარისხიანი დასაქმება, განათლება და ჯანდაცვა არ გახდება განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები.
მთავრობა არ უნდა ინტერესდებოდეს მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. მან მოსახლეობას უნდა ჰკითხოს, თუ რამდენად კმაყოფილია საბინაო პირობებით, შემოსავლების დონით, სამსახურით, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურით, განათლებისა და ჯანმრთელობის ხარისხით, მმართველობის ეფექტურობით და ისიც კი, თუ რამდენად ახერხებს მოქალაქე თანაბრად გაანაწილოს საკუთარი დრო სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. გასაკვირი არაა, რომ განვითარებული ქვეყნები 1000-მდე ობიექტური და სუბიექტური ინდიკატორის მონიტორინგით ცდილობენ რეალური განვითარების ხარისხის დადგენას.