მცირე და საშულო ბიზნესის თავისთავად განვითარება ძალიან ნელა ხდება. მსოფლიო პრაქტიკით, აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მონაწილეობა მცირე და საშუალო ბიზნესის იმგვარ წახალისებაში, რაც კერძო სექტორში ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდას გამოიწვევს. აღნიშნული ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შემდეგი გარემოებების უზრუნველყოფით:
ერთი მხრივ, სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკა და, მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა უზრუნველყოფს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობის და კაპიტალის ზრდას. ეს კი ამ სექტორში დასაქმების მაჩვენებლების ზრდას გამოიწვევს, რაც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საფუძველი იქნება.
მიკრობიზნესის დამწყები ან განმავითარებელი მოქალაქეებისა და მცირე ჯგუფებისათვის გათვალისწინებული პროგრამისთვის „დამწყებთათვის რეგიონებში" წლის განმავლობაში გამოიყოფა არანაკლებ 60 მლნ. ლარისა, 20,000 ლარამდე ღირებულების (თანადაფინანსების გარეშე) ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტებისათვის.პროექტების კონკურსი ჩატარდება წელიწადში 6-ჯერ, ყოველ 2 თვეში, თითო კონკურსზე 10 მლნ ლარის გამოყოფის გათვალისწინებით.
ამის გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს აგრეთვე გრანტის ელემენტების შემცველი დაკრედიტების სისტემა, რომელიც მიმართული იქნება იმ სეგმენტების მხარდასაჭერად, რომლებსაც საკმარისი საფუძველი და შესაძლებლობა აქვთ, საქმიანობის კომერციალიზაციის მოსახდენად. სააგენტოებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო პრიორიტეტები, გეოგრაფიული და დარგობრივი კრიტერიუმები რეგიონების მიხედვით ამ მექანიზმის რეალიზაციისათვის.