შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

გვსურს, რომ ავადმყოფობის გამო გაღატაკების არ გვეშინოდეს, ყველა მოქალაქისათვის გარანტირებული იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები მძიმე ტვირთად არ აწვებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტს. საამისოდ საჭიროა, არსებული ჯანდაცვის სისტემის ხარჯთეფექტურ და ინვესტიციებისათვის მიმზიდველ სფეროდ ტრანსფორმაცია.


2012 წლის შემდეგ დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის სამედიცინო დაზღვევის მექანიზმი, რამაც დადებითი ეფექტი მოიტანა საზოგადოებრივი განწყობების თვალსაზრისით, მაგრამ განუხრელად იზრდება საბიუჯეტო ხარჯები ჯანდაცვაზე. ეს მდგომარეობა თუ დროულად არ მოწესრიგდა, მომავალში, შეიძლება, დაეცეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხელახლა გაჩნდეს კორუფცია და სხვა თანმდევი პრობლემები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ეტაპობრივად დავიწყოთ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის კერძო სისტემის არეალის გაფართოება, რომელშიც, კორპორატიული დაზღვევების სახით, უკვე ჩართულია მოსახლეობის ნაწილი. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 700 ათასამდე დაქირავებით მომუშავის სრულად ჩართვა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური პაკეტით კერძო სადაზღვევო კომპანიებში. აქ გამოყენებულ უნდა იქნეს მასტიმულირებელი მექანიზმები, ხოლო საჯარო სექტორში დასაქმებულებისათვის - სავალდებულო დაზღვევის მექანიზმებიც, მათ მიერ საოჯახო პაკეტებით დაზღვევის უზრუნველყოფისათვის. სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოტანა, საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ სავალდებულო მინიმალურ სადაზღვევო შენატანად ტრანსფორმირება, მათ შორის, საოჯახო პაკეტების შეძენის ჩათვლით, დამქირავლების მხრიდან სადაზღვევო შენატანების სტიმულირება (მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან გამორიცხვა) არსებითად გააფართოვებს კერძო დაზღვევის არეალს. ამ გზით კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულთა რაოდენობა ჯამში მიაღწევს 2 მლნ. ადამიანს და შეამცირებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობას და მასზე გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს. კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან არ უნდა ანაზღაურდებოდეს, ასევე, მარტივად და დაყოვნების გარეშე უნდა ხდებოდეს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის მიღება კერძო სამედიცინო დაზღვევის დაკარგვის შემთხვევაში.

პარტიის პოზიცია