შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

სახელმწიფომ უნდა გაზარდოს განათლების დაფინანსება. დღეს არსებული მთლიანი შიდა პროდუქტის 1,8 პროცენტის (2015) ნაცვლად, ამ ეტაპზე სრულიად რეალურია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 5% სწორედ განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე დაიხარჯოს.


სასკოლო განათლებასთან მიმართებით განათლების სამინისტროს ფუნქცია უნდა იყოს: სასკოლო განათლების პოლიტიკის განსაზღვრა, მასწავლებლების მომზადება და შესაბამისი ხარისხის მინიჭება (უნივერსიტეტებთან ერთად).

  • მასწავლებელი - დღეს მასწავლებლის საბაზო ხელფასი 360 ლარია, რაც იმ მოთხოვნების არაადეკვატურია, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება მასწავლებლის შრომის შედეგებს უყენებს. 

  • უნდა დაწესდეს მასწავლებელთა მინიმუმ სამსაფეხურიანი გრადაცია. კრიტერიუმი უნდა იყოს შრომის შედეგი. უმაღლეს საფეხურზე მყოფ მასწავლებელს ხელფასიც ძალიან მაღალი უნდა ჰქონდეს და, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს მისდამი ნდობა.

  • აუცილებელია მასწავლებლის პრესტიჟის, მისი ავტორიტეტის გაზრდა. ამის გაკეთება შეუძლებელია მასწავლებელთა მომზადების ახალი სისტემის შექმნის გარეშე. ეს უნივერსიტეტებმა უნდა განახორციელონ. მათვე უნდა მიიღონ მონაწილეობა მასწავლებლებისათვის შესაბამისი ხარისხის მინიჭებაში.

 

პროფესიული განათლება თავისი არსით დუალურია. მასში თანამშრომლობს მინიმუმ ორი მხარე - ბიზნესი და სასწავლებელი. ფაქტია, რომ ბიზნესის რეალური მოთხოვნები და საგანმანათლებლო სფეროს შესაძლებლობები არ არის თანხვედრაში. ამ შეუთავსებლობის დასაძლევად საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  • შრომის ბაზრის რეგულარული კვლევა;

  • საინფორმაციო სისტემების დანერგვა;

  • პროფესიული მასწავლებლების მომზადების, გადამზადების სისტემის დანერგვა და პროფესიულ განათლებაში ჩართვის მოტივაციის გაზრდა;

  • დაფინანსების დღეს არსებული მოდელის შეცვლა და პროფესიული სასწავლებლების ყველა სტუდენტისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა, განურჩევლად სასწავლებლის სამართლებრივი სტატუსისა (კერძო თუ სახელმწიფო), დაფინანსების მოდელში  საწარმოო პრაქტიკის დაფინანსების გათვალისწინება;
  • ბიზნესსუბიექტების ცნობიერების ამაღლება და პროფესიულ განათლებაში ჩართვის სტიმულირება;
  • პროფესიული კავშირის როლის გააქტიურება შრომის პირობებისა და შრომითი უფლებების დაცვის  საკითხებში;

  • პროფ. ორიენტაციის კომპონენტის გააქტიურება და სისტემური მიდგომების განხორციელება;
  • საგანმანათლებლო ჩიხების აღმოფხვრა, განათლების ზედა საფეხურებზე კრედიტების ტრანსფერის, ფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების შექმნა.
პარტიის პოზიცია