ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია სისტემური რეფორმების გაგრძელება და გაღრმავება, საქართველოს ევროპული განვითარებისთვის გარანტიების შექმნა. შესაბამისად, აუცილებელია საკონსტიტუციო „ზურგის" უზრუნველყოფაც, რაც შემდეგში გამოიხატება:
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა ჩაიწეროს: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში", რითაც განვაცხადებთ საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანეს მიზანს - დამკვიდრებას დემოკრატიულ ერთა თანამეგობრობაში;
უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი, რათა, ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ კონსტიტუციის სტაბილურობა და, მეორე მხრივ, მცირერიცხოვან ჯგუფს არ მიეცეს საჭირო ცვლილების ბლოკირების შესაძლებლობა;
უნდა დადგინდეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და პეტიციის საკითხთა კომიტეტების შექმნის ვალდებულება, რომლის წევრთა ნახევარი, მათ შორის, თავმჯდომარეები, ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან;
უნდა დადგინდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ვალდებულება, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა, სულ ცოტა, 1/5;
პარლამენტს უნდა ჰქონდეს საგანგებო პროკურორისდანიშვნის უფლება, როცა დანაშაულის ნიშნები იკვეთება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მოქმედებაში;
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება კონსტრუქციული ვოტუმის კლასიკური მოდელით უნდა ხდებოდეს;
არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს პროპორციული საარჩევნო სისტემით;
საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიენიჭოს არაპოლიტიკური სახელმწიფო ინსტიტუტების (სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, მარეგულირებელი კომისიების, ცესკოს) ფორმირებაში მონაწილეობის უფლება;
უნდა აიკრძალოს სამხედრო ძალებზე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და პოლიციაზე პასუხისმგებელ უწყებათა ნებისმიერი გაერთიანება;
კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა აისახოს სუბსიდიარობის პრინციპი, რათა გაგრძელდეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფუნქციების დელეგირების პროცესი; სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის აუცილებელია ქვეყნის მდგომარეობის ობიექტური შეფასება, რისთვისაც საჭიროა ობიექტური სტატისტიკური ინფორმაცია და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე კონტროლთან ერთად, საბიუჯეტო შემოსავლების კონტროლიც. ამისათვის აუცილებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციების გაზრდა და მთავრობისაგან დამოუკიდებელი, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი სტატისტიკის სამსახურის შექმნა, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დაწესებულება, რომლის დირექტორსაც, პარლამენტის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.