უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, უსაფრთხო და ინკლუზიური, მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული სისტემისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარება;
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას - ქვეყნის მასშტაბით დაინერგება დედათა და ბავშვთა (პერინატალური) სამედიცინო ცენტრების რეგიონალიზაციის გეგმა;
გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდრით ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამა და 2014 წლიდან მოქმედი პროგრამა, რომელიც ორსულებს და ახალშობილებს უზრუნველყოფს ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი პრეპარატების მიწოდებით;
გაგრძელდება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან მცირე ზომის ბავშვთა სახლებზე გადასვლა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორი აღზრდისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის;
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის, შეიქმნა დღის ცენტრები, სადაც უზრუნველყოფილია ბავშვების კვება, აკადემიური და ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილება, სამედიცინო და განათლების სერვისების შეთავაზება, სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა. აღნიშნულ ცენტრებში შშმ ბავშვებისთვის ხორციელდება რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა, ადრეული განვითარების შეფერხების პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია შშმ ბავშვების საჭირო უნარების ჩამოყალიბებისთვის.