ძლიერი და ეფექტიანი თავდაცვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად, „ქართული ოცნება" დაამტკიცებს და განახორციელებს ოთხწლიან პროგრამას, რომელიც გახდება ქვეყნის თავდაცვის ახლებური ხედვის ცხოვრებაში გატარების სტრატეგიული გეგმა და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს. აღნიშნული პროგრამის განხორციელება დაეფუძნება სამხედრო სფეროში დღემდე არსებულ მიღწევებს, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე წარმატებულ პროგრამებს, ნატო-საქართველოს ერთობლივ პროექტებს, აგრეთვე სამხედრო ძალების რეფორმირების პრინციპულად ახალ ხედვებს, რომლებიც განვითარდება შემდეგი 5 მიმართულებით:
- სტრატეგია და მართვა, ძალების ოპტიმიზაცია, ძალების მზადყოფნა, ინსტიტუციური რეფორმები, საერთაშორისო ჩართულობა.
ხედვის წარმატებით რეალიზაციისათვის:
- საბოლოოდ გაიმიჯნება კომპეტენციები გენერალურ შტაბსა და სამინისტროს შორის;
- განხორციელდება არსებული რესურსების მართვის წესებისა და პროცედურების ინსტიტუციონალიზაცია თავდაცვის რესურსების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპებით გამოყენების უზრუნველსაყოფად;
- გაუმჯობესდება შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილურობა;
- შეჯერდება რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფცია;
- განხორციელდება კვალიფიციური პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის ფულადი კომპენსაციებით უზრუნველყოფის გზების იდენტიფიცირება;
- ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, შემცირდება პერსონალური ხარჯების წილი თავდაცვის ბიუჯეტში და განხორციელდება, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაცია;
- უზრუნველყოფილი იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და ლოჯისტიკის სისტემის გამართვა. დაიწყება ერთიანი მატერიალურ-ტექნიკური და სამშენებლო ნორმების დანერგვის პროცესი;
- განვითარდება შეიარაღებული ძალების კიბერშესაძლებლობები და გაიზრდება კიბერუსაფრთხოების ხარისხი;
- გაიზრდება სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობები;
- შეიარაღებულ ძალებში განვითარდება სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლებლობები;
- გაგრძელდება სამხედრო პოლიციის რეფორმირება.
- არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით მოვემზადებით ნატოს წევრობისთვის;
- გაგრძელდება ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის" ეფექტიანი განხორციელება;
- გაგრძელდება ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში ალიანსთან აქტიური თანამშრომლობა;
- წარმატებით გაგრძელდება წლიური ეროვნული პროგრამების განხორციელება;
- საქართველო კვლავ იქნება ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.