შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შემდგომ კონსოლიდაციას და თანმიმდევრული, მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკის გატარებას უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება:

  • მიმართავს ძალისხმევას მშვიდობის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების რისკებისა და შესაძლო პროვოკაციების განეიტრალების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ეკონომიკური განვითარების ვექტორის დაცვისაკენ, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი და წარმატებული მოგვარების წინაპირობაა;

  • გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად;

  • მიმართავს აქტიურ ძალისხმევას დეოკუპაციის ამოცანისკენ, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების, როგორც რუსეთთან საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებების, ისე საერთაშორისო მხარდაჭერისა და ზეწოლის მობილიზების გზით;
  • ხელს შეუწყობს პირდაპირ დიალოგს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის, მიმართავს დინამიურ ძალისხმევას დაპირისპირებების დაძლევის, ნდობის აღდგენისა და შერიგების ამოცანების მისაღწევად, სადაც ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის და სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოებრივი მოღვაწეების, შერეული ოჯახების, ქალების, ახალგაზრდების როლი;

  • წაახალისებს კონფლიქტით დაშორიშორებულ ხალხთაშორის კონტაქტებს, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას;

  • გააგრძელებს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე, მათ შორის, დევნილებზე ზრუნვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ამ ამოცანის შესასრულებლად.
პარტიის პოზიცია