გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის და ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად. გაძლიერდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის აღსრულების მექანიზმები:
უზრუნველყოფილი იქნება რწმენის თავისუფლების დაცვა ყველა რელიგიური გაერთიანებისა და თითოეული ადამიანისთვის. გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ინტერრელიგიური დიალოგი. ხელისუფლება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შემწყნარებლობის კულტურის შემდგომ განვითარებას;
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა;
განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, რაც ხშირად ქმნის წინაღობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრულფასოვანი ჩართულობისათვის;
გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურებზე;
გაუმჯობესდება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვა;
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება;
განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დონეზე, გენდერული თანასწორობის დასაცავად. ხელისუფლება ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმართვას;
გაგრძელდება რეფორმები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ამოქმედდება სახელმწიფო კომპენსაციის სისტემა, გაგრძელდება ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანია;
დაცული იქნება შშმ პირთა უფლებები გონივრული მისადაგების პრინციპის საფუძველზე, მათი საჭიროებების გათვალისწინებით. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შშმ პირთა სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს შშმ პირთა დასაქმებას, ასევე ადმინისტრაციული შენობებისა და საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით ადაპტირებას.