გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებისკენ და მათ გადანაწილებისკენ პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა;
არ გაძლიერდება სახელმწიფოს წნეხი ეკონომიკაზე;
გაიზრდება ბიუჯეტის გამჭვირვალობა;
უზრუნველყოფილი იქნება პროგრამული ბიუჯეტის პრინციპების სრულყოფა;
უზრუნველყოფილი იქნება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანი კოორდინაცია.
საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით:
მოხდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომელიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადების არასრულად ან/და არასწორად შევსება (საქონლის რაოდენობის ან/და ფასის შემცირება), 10,000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა;
10,0000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი, რაც 2017 წლიდან, ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება ბიზნესისთვის;
გამოცხადდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სრული ამნისტია. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულები 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს;
შესაძლებელი გახდება დაუძლეველი ძალის, მათ შორის სტიქიური უბედურების მოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა გამარტივებული წესით;
განხორციელდება საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა;
უზრუნველყოფილი იქნება საგადასახადო სტიმულები ბიზნესის განვითარებისთვის. 2017 წლიდან ძალაში შევა მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომლის მიხედვით საწარმოს მიერ მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. შესაბამისად, საწარმო მოგების გადასახადს გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ მოგებას გაანაწილებს დივიდენდის სახით მის პარტნიორებზე ან არაეკონომიკური მიზნით გასწევს გარკვეულ ხარჯებს;
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვეღარ მოხდება ბიზნესის ანგარიშების დაყადაღება;
კომპანიების საგადასახადო შემოწმების ვადა იქნება რეგლამენტირებული.