„ქართულ ოცნებას" გააჩნია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიტანს თვისობრივ ცვლილებებს ქვეყნის განვითარებაში, უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ეკონომიკური რეფორმა ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მაქსიმალურ ხელშეწყობასა და წახალისებაზე. „ქართული ოცნების" 4 პუნქტიანი გეგმა მოიცავს:
ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსათვის მნიშვნელოვანია მიმზიდველი საგადასახადო სისტემა. დაბალი გადასახადების გარდა აუცილებელია არსებობდეს გამართული და ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება. ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით მოგების რეინვესტირების შემთხვევაში; სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვეღარ მოხდება ბიზნესის ანგარიშების დაყადაღება; კომპანიების საგადასახადო შემოწმების ვადა იქნება რეგლამენტირებული და გაუქმდება ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენება (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა); სახელმწიფო ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესის დაწყებას. ეკონომიკური რეფორმის შედეგად ბიზნეს სექტორს ექნება სწრაფი განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც გაზრდის დასაქმებას და აამაღლებს მოსახლეობის კეთილდღეობას.
ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ერთის მხრივ ხარისხიანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა (შეიქმნება „ბიზნეს სახლი", სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს „ერთი ფანჯრის" პრინციპით მოემსახურება); ხოლო, მეორეს მხრივ მთავრობის მზაობა აწარმოოს დიალოგი კერძო სექტორთან და აქტიურად ჩართოს ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
განხორციელდება განათლების ფუნდამენტური რეფორმა. უმაღლესი განათლება დაეფუძნება ეკონომიკის საჭიროებებს და კერძო სექტორის მოთხოვნილებებს. კერძო სექტორთან ერთად მოხდება კადრების გადამზადება, რაც პირდაპირ იმოქმედებს უმუშევრობის შემცირებაზე. ვიზრუნებთ პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. განათლების რეფორმა უზრუნველყოფს ადამიანური რესურსის მაქსიმალურ და ეფექტიან ჩართვას ქვეყნის განვითარებაში.
სივრცითი მოწყობის სქემა იქნება ქვეყნის განვითარების მთავარი ჩარჩო. მთელი საქართველოს მასშტაბით განვითარდება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი, რადგანაც ქვეყანას აქვს ამბიცია იყოს რეგიონული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბი. აღნიშნული რეფორმები უზრუნველყოფს ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას და თვისობრივ გარდაქმნას ქვეყნის განვითარებაში.