ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად:
შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. საქართველოს ყველა მოქალაქე აუცილებლად კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან;
გაუმჯობესდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და პენსიონერებისთვის;
განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი. გაიზრდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოცულობა და ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა;
დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მუშაობა;
გაიზრდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება: C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა პაციენტს;
გაგრძელდება საქართველოს სოლიდარობის ფონდის ფუნქციონირება;
ინდივიდუალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა გააგრძელებს ფუნქციონირებას და მოიცავს განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების მქონე ყველა პირს;
გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მოცულობა და ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე;
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას - ქვეყნის მასშტაბით დაინერგება დედათა და ბავშვთა (პერინატალური) სამედიცინო ცენტრების რეგიონალიზაციის გეგმა;
გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდრით ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამა და 2014 წლიდან მოქმედი პროგრამა, რომელიც ორსულებს და ახალშობილებს უზრუნველყოფს ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი პრეპარატების მიწოდებით;
საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს, როგორიცაა ადრონული თერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა;
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დაბალ მაჩვენებელზე ზემოქმედება მოხდება ერთიანი სისტემური რეფორმის სახით;
ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება ადექვატური სახელმწიფო მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით, ასევე საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საფუძველზე;
ქვეყნის მასშტაბით დაინერგება ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა;
გამოწვევების შესაბამისი გახდება სალიცენზიო და სანებართვო პირობები;
ჯანდაცვის ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმით.