შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად:

  • შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. საქართველოს ყველა მოქალაქე აუცილებლად კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან;

  • გაუმჯობესდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და პენსიონერებისთვის;

  • განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი. გაიზრდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოცულობა და ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა;

  • დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მუშაობა;

  • გაიზრდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება: C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა პაციენტს;

  • გაგრძელდება საქართველოს სოლიდარობის ფონდის ფუნქციონირება;

  • ინდივიდუალური დახმარების  სახელმწიფო პროგრამა გააგრძელებს ფუნქციონირებას და მოიცავს განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების მქონე ყველა პირს;

  • გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მოცულობა და ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე;

  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას - ქვეყნის მასშტაბით დაინერგება დედათა და ბავშვთა (პერინატალური) სამედიცინო ცენტრების რეგიონალიზაციის გეგმა;

  • გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდრით ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამა და 2014 წლიდან მოქმედი პროგრამა, რომელიც ორსულებს და ახალშობილებს უზრუნველყოფს ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი პრეპარატების მიწოდებით;

  • საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს, როგორიცაა ადრონული თერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა;

  • მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დაბალ მაჩვენებელზე ზემოქმედება მოხდება ერთიანი სისტემური რეფორმის სახით;

  • ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება ადექვატური სახელმწიფო მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით, ასევე საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საფუძველზე;

  • ქვეყნის მასშტაბით დაინერგება ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა;

  • გამოწვევების შესაბამისი გახდება სალიცენზიო და სანებართვო პირობები;
  • ჯანდაცვის ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმით.
პარტიის პოზიცია