დასაქმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, „ქართული ოცნება" გეგმავს შემდეგ ღონისძიებებს:
გატარდება განათლების რეფორმა და პროფესიული განათლების სისტემა განვითარდება დუალური (გერმანული) მოდელის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში. შედეგად, გაიზრდება სტუდენტების და მომავალი დასაქმებულების შრომის ბაზრისათვის მზაობის ხარისხი;
განხორციელდება შრომის ბაზრის მოთხოვნების ფუნდამენტური შესწავლა და უმაღლესი განათლება დაეფუძნება არა ასიმეტრიულ მოთხოვნას, რომელიც რამდენიმე დომინირებული პროფესიით შემოიფარგლება, არამედ რეალურ საჭიროებებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ეს არ შეეხება ფუნდამენტურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოფხვრა;
„ქართული ოცნება" შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედება ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
„ქართული ოცნება" შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი;
მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50,000 სამუშაო ადგილი;
ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად დასაქმდება 40,000 ადამიანი;
ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასიური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებითი 50,000 სამუშაო ადგილი;
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად, შეიქმნება დამატებითი 10,000 სამუშაო ადგილი;
ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50,000 სამუშაო ადგილი.