კიდევ ერთი დერეფანი, რომლის შესაქმნელადაც საჭიროა ახალი გზის მშენებლობა, ჩაანაცვლებს სარკინიგზო კორიდორს და გააერთიანებს დიდუბისა და სამგორის სადგურებს. დერეფანი ქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალი ხარისხის კავშირს შესთავაზებს. განიხილება ხაზის გაფართოება კახეთის გზატკეცილის გასწვრივაც, როგორც დამატებითი კავშირის შესაძლებლობა ინდუსტრიულ არეალებთან. თბილისის რკინიგზის ხაზთან დაკავშირებული პროექტის განხორციელების შედეგად, დედაქალაქის შუაგულში გამოთავისუფლდება 70 ჰა-ზე მეტი ტერიტორია. ამ ტერიტორიის მცირე ნაწილს (დაახლ. 10 ჰა) დაიკავებს ახალი ავტომაგისტრალი, გადასასვლელები, ხიდები და ა.შ., დარჩენილი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კი მოხმარდება რეკრეაციას და ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.