შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე

შეიქმნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემა, მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური სინქრონიზაცია, განისაზღვრება მგზავრობის მინიმალური სტანდარტი. მერია უზრუნველყოფს მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების ერთმანეთთან ადაპტირებას.

დაინერგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის განახლებული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სადისპეტჩერო და საკონტროლო პროცესების დახვეწას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის ერთიანი ცენტრის შექმნას, ანალიზისა და მარშრუტის ცვლილების მოქნილი მოდელის შემუშავებას.

ავტობუსები აღიჭურვება სპეციალური GPS-სისტემებით, ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ინტერაქტიული მონიტორები და შეიქმნება მუნიციპალური ტრანსპორტის აპლიკაცია, რომელითაც მოქალაქე მიიღებს სრულ ინფორმაციას სატრანსპორტო გადაადგილების შესახებ.

მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი მოდელის მიხედვით მგზავრობის საფასურის გადახდა როგორც სამგზავრო, ისე ყველა ტიპის პლასტიკური ბარათის, აგრეთვე მობილური აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი. შეღავათით კვლავაც ისარგებლებს მგზავრების 26 კატეგორია, მგზავრები კვლავაც ისარგებლებენ უფასო გადაჯდომის 90-წუთიანი სერვისით.

გაგრძელდება თბილისის მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში. განხორციელდება მეტროს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი.

გაგრძელდება თბილისის ავტობუსის პარკის განახლება:

  • ქალაქს მოემსახურება 700-ზე მეტი ერთეული თანამედროვე ტიპის 8-10-მეტრიანი ავტობუსი;
  • მერია შეისწავლის ახალ დერეფნებს და შექმნის ახალ პრიორიტეტულ საავტობუსე ხაზებს;
  • მოხდება ავტობაზების მოდერნიზება და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა;
  • სრულად განახლდება ავტობუსის გაჩერებები და მოხდება მათი ადაპტირება შშმ პირების საჭიროებებთან, დამონტაჟდება 500 ახალი გაჩერება;
  • ეტაპობრივად მოწესრიგდება ტაქსების სექტორი იმგვარად, რომ ერთი მხრივ, შეიქმნას ტაქსის მძღოლებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი სისტემა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მომხარებელზე ორიენტირებული სტანდარტების დაცვა.

 

განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი და მოხდება მისი ინტეგრირება სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მათ შორის მეტროსთან.

დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის და მაღლივი-ბაგების საბაგიროების მშენებლობა, აგრეთვე დაპროექტდება და აშენდება სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის დასახლების საბაგირო ხაზები.

მოხდება მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარება ტურისტული მიზნებისთვის.