შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე
  • შეიქმნება სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც სავალდებულო იქნება გასათვალისწინებლად სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ავტომაგისტრალების მშენებლობისას, სატრანსპორტო მარშრუტების დადგენისას, მშენებლობის კოეფიციენტის მინიჭებისას, მშენებლობის ნებართვის გაცემისას და ა.შ.
  • შეიქმნება ტრანსპორტის მოთხოვნის მოდელი, ანუ სისტემა, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება თბილისის ქუჩებს, ავტომატურად გამოთვლის სტატისტიკურ მონაცემებს, გამოავლენს ქალაქში არსებულ გადატვირთულ წერტილებს, შეაფასებს და აღმოფხვრის მოძრაობის შეფერხების გამომწვევ მიზეზებს, უზრუნველყოფს სატრანსპორტო სისტემაზე სხვადასხვა პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის მოდელირებას.
  • საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაძლიერდება მერიის შესაბამისი სამსახურის რესურსები, შემუშავდება საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გაიზრდება საფეხმავლო გზებისა და მიწისზედა გადასასვლელების რაოდენობა.
  • უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო გარემოს შექმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ირგვლივ, შეიქმნება ავტოსაგზაო შემთხვევათა მონაცემების შეგროვების სისტემა ე.წ. შავი ლაქების გამოსავლენად და გასანეიტრალებლად.
  • რეგულაციები სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მუნიციპალიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება ტექნიკური დათვალიერების პროცესის შემოღებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და ეკოლოგიურ მდგომარეობას.
  • დაწესდება სადისტრიბუციო, დასუფთავებისა და სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების სტანდარტები.
  • უზრუნველყოფილი იქნება საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზება.
  • შემცირდება სიჩქარის ლიმიტი ხალხმრავალ ზონებში. მოწესრიგდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული რეგულაციები.
  • პარკირების უზრუნველსაყოფად განხორციელდება ახალი პროექტები.