მომდევნო 4 წლის მანძილზე, თბილისის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაფართოვდება მრავალუწყებრივი თანამშრომლობა და ახალი ინიციატივები, რათა თბილისი გახდეს „ინკლუზიური ქალაქი" ყველა თაობის შშმ პირისათვის:
გაგრძელდება არასამეწარმეო იურიდიული პირების პროექტების დაფინანსება შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე გაგრძელდება 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი შშმ ბავშვების დახმარების, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სოციალურად დაუცველი უსინათლო პირების დახმარებისა და შშმ პირთა საკურორტო მომსახურების მუნიციპალური პროგრამები;
უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის მმართველობაში არსებული ყველა ახალი ავტობუსის ადაპტირება. ავტობუსის გაჩერებებზე მოეწყობა მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსები. არსებული ავტობუსის მოსაცდელებიდან, სულ მცირე, 30% გახდება ადაპტირებული. მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსები მოეწყობა ასევე საფეხმავლო გზებზე. საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟდება ხმოვანი განცხადებების სისტემა მხედველობის პრობლემის მქონე მგზავრებისათვის. დაიწყება თბილისის მეტროპოლიტენის ადაპტირების მასშტაბური პროექტი;
უზრუნველყოფილი იქნება მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების მისაწვდომობა „უნივერსალური დიზაინისა" და „გონივრული მისადაგების" პრინციპების დაცვით;
გაფართოვდება შშმ პირთა საცხოვრებლის ინდივიდუალური ადაპტირების პროგრამა. უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი დამოუკიდებელი გადაადგილების პროცესი შშმ პირთათვის;
მერია იზრუნებს შშმ პირთათვის საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, კულტურული დაწესებულებების, პარკებისა და რეკრეაციული ობიექტების ადაპტირებაზე;
გაგრძელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და 315 ინფრასტრუქტურული ობიექტის ადაპტირება;
დაინერგება „სკოლამდელი ინკლუზიის" თბილისის მოდელი;
გაგრძელდება მერიის მხარდაჭერა ყოველთვიურად საშუალოდ 3000-3500 პენსიონერის, შშმ პირის, მრავალშვილიანი ოჯახების წევრთა, ომის ვეტერანთა და სოციალურად დაუცველი პაციენტების საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად.