შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ზაალ უდუმაშვილი
  • ქალაქის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია ტურიზმის განვითარება, ვინაიდან აღნიშნული სექტორი სწრაფად მზარდია და ქალაქის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ მიმართულებას წარმოადგენს.  შესაბამისად, ვგეგმავთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე  თბილისის ინტენსიურ და სწორ რეკლამირებას, შესაბამისი კულტურული ღონისძიებების განხორციელებას და სხვა აქტივობების ორგანიზებას. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა თბილისს აქცევს ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად, რაც ქალაქის ბიუჯეტისთვის და რა თქმა უნდა, თბილისის მოსახლეობისთვისაც დამატებით შემოსავლებს ნიშნავს;
  • თბილისის განვითარების ჩვენი გრძელვადიანი ხედვა ითვალისწინებს  თბილისის უნიკალური ტერიტორიების და ლანდშაფტის გონივრულ ათვისებას. ასევე, ურბანული განვითარების გეგმა  იძლევა შესაძლებლობას, რომ ქალაქში შევქმნათ ახალი ეკონომიკური ზონები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და უზრუნველყოფს მოქალაქეების დასაქმებას;
  • პირველ რიგში, გამოსაყოფია შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომლის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ახალი ბიზნეს-ეკონომიკური სივრცეები შეიქმნას. ასევე აუცილებელია გამოვიყენოთ ის 700 ჰექტრამდე ტერიტორია, ის ყოფილი სამრეწველო ზონები, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, აუთვისებელია;
  • ამასთანავე, ვგეგმავთ ბიუროკრატიის შემცირებას და მასზე გაწეული ხარჯის 100 მილიონით დაზოგვას, ზედმეტი რეგულაციების გაუქმებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რაც გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის  მაღალ ტემპს.