პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს სკოლამდელ აღზრდას, საბავშვო ბაღებს. დღეს რთული ვითარება გვაქვს, რადგანაც ათასობით ბავშვი, მათი სურვილის მიუხედავად, ადგილების არარსებობის გამო ბაღის გარეშე რჩება. ხოლო ისინიც, რომლებიც ბაღებში ხვდებიან, შესაბამის პირობებში არ არიან: რეკომენდაცია გაცემულია, რომ ბაღის თითო ჯგუფში უნდა იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა. ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა ჯგუფებში 50-60 ბავშვია. ეს ნიშნავს სწავლების დაბალ ხარისხს, ვირუსების სეზონზე სხვადასხვა ეპიდემიის გავრცელების რისკს, შესაბამისი სააღმზრდელო პროცესის ხარვეზებით წარმართვას. ეს ნიშნავს ბაღებში აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების დაბალ ხელფასებს. ჩვენ ვაპირებთ, ბაღების ვაუჩერიზაციას, რაც მშობელს საშუალებას მისცემს ბავშვი წაიყვანოს როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღში. აღნიშნული გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს, წაახალისებს ახალი ბაღების გახსნას და შესაბამისად უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;
შემდეგ პრიორიტეტს სკოლების დახმარება წარმოადგენს, რაც გულისხმობს 50,000 ლარიან დანამატს ყველა სკოლისათვის. აღნიშნული თანხები სასკოლო და სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება;
მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ბანაკების დაფინანსებაც, ასევე პროფესიული განათლების ხელშეწყობა;
უზრუნველვყოფთ ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტის სრულ დაფინანსებას, წარჩინებულ სტუდენტებს თბილისის მერიაში შევთავაზებთ ანაზღაურებად სტაჟირებას და აქტიურად შევუწყობთ ხელს წარმატებული სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.