თბილისის ღონისძიებებიდან დასამახსოვრებელი, მასშტაბური სახის ღონისძიებები, რომელიც გვამახსოვრდება, არის მხოლოდ და მხოლოდ თბილისობა და ახალი წლის ღონისძიებები, რომელიც განსაკუთრებული და გამორჩეული ფორმატის არ არის და ტურისტებისთვისაც ნაკლებად მიმზიდველია. შესაბამისად, ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიებების გარდა დამატებით რამდენიმე სიახლის დანერგვას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ეს ჩვენს თანამოქალაქეებსაც საშუალებას მისცემს დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ.
- განვავითარებთ ქალაქში ღამის ეკონომიკას, რომელიც იქნება ორიენტირებული როგორც ტურისტებზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობაზე;
- აქტიურად ვითანამშრომლებთ ახალგაზრდა ხელოვანებთან, როგორც მათი შემოქმედების, ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციის მიზნით;
- ვგეგმავთ თეატრებს, მუზეუმებს, ასევე სხვა კულტურის ცენტრებსა და ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის დაწესებულებებს შორის კავშირის წახალისებასა და აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფას;
- გვსურს თბილისში ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ფესტივალებს კინოხელოვნების, მუსიკალური, მწერლობის, სახვითი ხელოვნების და სხვა დარგების პოპულარიზაციის მიზნით. ვგეგმავთ წავახალისოთ კერძო სექტორის ჩართვა აღნიშნული მიმართულებით.