შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ზაალ უდუმაშვილი

მიგვაჩნია, რომ თბილისის ეფექტური და მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია სწორად დაგეგმილი საბიუჯეტო პოლიტიკა, ნაკლები ბიუროკრატია და მერიის მოქნილი ადმინისტრაცია. ჩვენი საბიუჯეტო პრიორიტეტები შემდეგია:

 

  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეს ნიშნავს როგორც არსებული გზების მოწესრიგებასა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარებას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას, ახალ ხიდებს, ესტაკადებს, გვირაბებს და ჭკვიან შუქნიშნებს;
  • პარკირების სისტემის მოწესრიგება, რაც ქალაქში ახალ მრავალსართულიან პარკინგებს ნიშნავს. ასევე ავარიული კორპუსების გამაგრება, რეაბილიტაცია და  რენოვაცია.  თბილისში გარე განათების სისტემების მოწესრიგება, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება;
  • გარემოს დაცვა და ეკოლოგია. გასათვალისწინებელია, რომ თბილისში, ჰაერის დაბინძურების კუთხით, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, ხოლო ერთ  კვადრატულ მეტრზე გამწვანების მხრივ, კვლევების მიხედვით, ქალაქი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. შესაბამისად, ახალი ცენტრალური პარკის, ახალი სკვერების, ახალი რეკრეაციული ზონების მოწყობა საბიუჯეტო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება;
  • ბიზნესის, ეკონომიკის და ტურიზმის ხელშეწყობა. იმ პირობებში, როცა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ხალხი უმუშევრობას ასახელებს, სწორედაც დასაქმებისთვის და ეკონომიკური აქტივობისთვის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება;
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა და განვითარება, რაც ახალ პროექტებსა და პროგრამებს გულისხმობს. გვსურს ლიფტების, სახურავების, სადარბაზოების გასარემონტებლად და გასაკეთებლად მოსახლეობას მეტი შეღავათი შევთავაზოთ. ასევე უზრუნველვყოთ ეზოებისა და სპორტული მოედნების კეთილმოწყობა;
  • მნიშვნელოვანია  ჯანდაცვა და სოციალური სფერო. ვფიქრობთ, რომ მეტად სამართლიანი გავხადოთ ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება. ასევე დავნერგოთ ახალი პროგრამები;
  • საბიუჯეტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლების დაფინანსება. არაერთი კარგი ინიციატივის განხორციელებას ვგეგმავთ ამ მიმართულებით, რომელიც შეეხება როგორც სკოლამდელ ასევე, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. განათლებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან აქტიური მუშაობა კულტურისა და  სპორტის მიმართულებითაც.

 

ასევე პრიორიტეტული საკითხია ქალაქის უსაფრთხოება, სისუფთავე, ხმაურის შემცირება-რეგულირება, ცხოველთა მონიტორინგი და დაცვა.