შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალექსანდრე ელისაშვილი

ქალაქში არსებული მთავარი პრობლემებია - საცობები, პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობა, ტრანსპორტით გამოწვეული გარემოს დაბინძურება, და სატრანსპორტო სისტემას მოწყვეტილი უბნები. თბილისში მოძრაობს 490,000-მდე კერძო მანქანა, 50,000-მდე ტაქსი, 1,800 სამარშრუტო ტაქსი და 520 ავტობუსი.  გვჯერა, რომ პრობლემის მოგვარება არა ახალი გზების აშენება, არამედ ეფექტური საზოგადოებრივი/მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის შექმნაა.


მეტრო თბილისის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. ყოველდღიურად მეტროთი 289,000 მგზავრი გადააადგილდება. ამიტომ, მეტრო უნდა გახდეს  თბილისის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალი და სწორედ მასზე უნდა მოხდეს დანარჩენი ტრანსპორტის დაშენება. მეტროს 7 შემადგენლობის დამატების შემთხვევაში, ქალაქს/მეტროპოლიტენს აქვს რესურსი, რომ დღეში დააახლოებით 500,000-მდე გაზარდოს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ეს ნიშნავს: ყოველდღიურად 60,000 მანქანის გამოკლებას თბილისის ქუჩებისთვის, რაც ქალაქის ჰაერს წელიწადში 280,000 ტონა ნახშიროჟანგს მოაკლებს.


თბილისში გარკვეული უბნები მოწყვეტილია საერთო სატრანსპორტო სისტემას. ამის გამოსასწორებლად, ტრამვაიმ შეიძლება დაფაროს ის არეალები/უბნები, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო სისტემისგან არიან მოწყვეტილნი. უნდა განვითარდეს ძირითადი, პრიორიტეტული ხაზები სადაც მხოლოდ დიდი, მოცულობითი ავტობუსები  ივლიან, ხოლო სამარშრუტო ტაქსი, პირველ ეტაპზე, უნდა გადავიდეს პერიფერიაში, რათა შემდეგ თანდათანობით მოხდეს მათი სრული ჩანაცვლება. ჩემი გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ 4 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 100,000 მანქანით ნაკლებმა იმოძრაოს   თბილისის ქუჩებში.


მანქანების გაზრდილი რაოდენობა იწვევს პარკინგის პრობლემას, რის გამოც აღარ არსებობს ტროტუარები. ტროტუარები, კი CT Park-ის მიერ დახაზული პარკინგის არეალებად იქცა. აუცილებელია, CT Park-თან ხელშეკრულების გაწყვეტა. უნდა გამოცხადდეს ღია, საერთაშორისო ტენდერი და შეირჩეს კომპანია, რომელსაც მთავარი პირობა ექნება პარკინგის და მიწისქვეშა და/თუ მიწისზედა ინფრასტრუქტურის შექმნა. აუცილებელია, რომ პრობლემურ რაიონებში 500-დან 700 მეტრის რადიუსში იყოს ერთი პარკინგის ადგილი.