შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალექსანდრე ელისაშვილი

თბილისის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს მიღმა. ყოველ მეშვიდე ადამიანს საკვებისთვის თანხა ფულის სესხებით აქვს. 1,200,000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველთა სიაში. მთელი საქართველოდან, 460,000 ადამიანი იღებს აღნიშნულ დახმარებას, აქედან 100,000 მოდის თბილისზე. ეს დახმარება თვეში 60 ლარს ანუ დღეში 2 ლარს შეადგენს. 2016 წლის არჩევნებამდე 1 თვით ადრე სოციალურად დაუცველ ადამიანთა რაოდენობა 80,000-ით გაიზარდა,  არჩევნების შემდეგ  6 თვეში კი 59,000 ადამიანს მოუხსნეს. მსგავსი სოციალური პოლიტიკით დღეს სახელმწიფო ხელს უწყობს სიღარიბეს.

 

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში ვერავის ამოიღებენ სოციალური სიიდან. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული დახმარება 60 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება, 40 ლარის განსხვავების დამატება კი თბილისის ბიუჯეტიდან მოხდება. ეს პროგრამა იქნება სიღარიბის დაძლევის პროგრამა და არა დილიდან საღამომდე თავის გატანის პროგრამა. როგორ შეიძლება ამ რაოდენობის თანხის მობილიზება?  თბილისის ბიუჯეტიდან სოციალური მიზნებით სხვადასხვა პროგრამებისთვის, საკმაოდ არამიზნობრივად,  წელიწადში 138,000,000 ლარი იხარჯება; 15,000,000 ლარი - ჯანდაცვის პროგრამებით სოციალურად დაუცველებისათვის; დამატებით 61,000,000 ლარი - სოციალური სააგენტოდან, თბილისის სოციალურად დაუცველებისათვის. უნდა მოხდეს აღნიშნული თანხების აკუმულირება და მათი ერთბაშად დახარჯვა სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის. ამისათვის, 4 წლის განმავლობაში  თბილისის ბიუჯეტიდან 40 მილიონის დამატება გახდება საჭირო, რაც  წელიწადში 10,000,000 ლარია. სოციალურად დაუცველ ადამიანებს გარანტირებულად მიეცემათ 100 ლარიანი დახმარება თვეში.