შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში და მასზე მთლიანი ღირებულების 65% - 213 მლნ. აშშ დოლარი დაიხარჯა. პროექტის დასრულება მოითხოვს დარჩენილი 137 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირებას. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება დაიწყო ისე, რომ არ ჩატარებულა წინასწარი შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასაბუთება. 2013 წლის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა კი გამოავლინა შემდეგი უარყოფითი ფაქტორები: მცირდება რკინიგზის გამტარუნარიანობა 24%-ით; ჯამური დანახარჯები, როგორც საპოერაციო, ისე მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული, იზრდება 57%-ით; მთლიანი ხარჯი მომდევნო 11 წლის განმავლობაში 126 მლნ. დოლარიდან გაიზრდება 197 მლნ. დოლარამდე; ლიანდაგის მთლიანი სიგრძე იზრდება 48 კმ-მდე და ასევე ემატება შიდა დარჩენილ სადგურებამდე მისასვლელი ლიანდაგები 22 კმ; სატვირთო მატარებლის დღიური სვლა იზრდება 50%-ით; აუცილებელი ხდება სალოკომოტივო პარკის გაზრდაც 26%-ით.


ასევე აღსანიშნავია, რომ წლიური მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები შემოვლითი რკინიგზისთვის იზრდება 12,2 მლნ. დოლარამდე (+51% არსებულთან შედარებით); მატარებლის საოპერაციო ხარჯი იზრდება 35%-ით; ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯი იზრდება 31%-ით; ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი იზრდება 73% -ით.


სს „საქართველოს რკინიგზამ" თბილისის შემოვლითი რკინიგზის დამამთავრებელ ეტაპზე აუდიტორულ კომპანია Ernst and Young-ს დაუკვეთა პროექტის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის საბაზრო ღირებულების დადგენა, რომელმაც შეადგინა მხოლოდ 30 მილიონ აშშ დოლარი, რაც 12-ჯერ ნაკლებია პროექტის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულებასთან.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და თბილისის საჭიროებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თბილისს უნდა ჰქონდეს სატვირთო გადაზიდვებისთვის შემოვლითი რკინიგზა. ამავდროულად, სამგზავრო გადაზიდვები უნდა დარჩეს არსებულ მონაკევეთზე უცვლელად. ასეთი მიდგომით ჩვენ, ერთის მხრივ, განვტვირთავთ თბილისს ზედმეტი სატვირთო ნაკადებისგან, ხოლო მეორეს მხრივ, დავუტოვებთ ქალაქს ძველებურ მოქნილობასა და სატრანზიტო როლს და რკინიგზა ზედმეტი შეფერხებების გარეშე მოემსახურება მგზავრებს.


თუმცა მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებელთა სრულყოფილი ოპერირებისათვის საჭიროა მშენებლობის შედეგად გამოვლენილ ეკოლოგიურ რისკებზე დამატებითი კვლევების ჩატარება მათი შემდგომი მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.