ტრანსპორტის პრობლემები თბილისში კომპლექსურია, რასაც ვერ მოაგვარებს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ვერც „სითიპარკთან" კონტრაქტის გაწყვეტა. უფრო მეტიც, ტრანსპორტის პრობლემები მხოლოდ ავტომფლობელებზე არ გადის. საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში კარდინალური ცვლილებები ქვეითად მოსიარულეთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ბავშვებისა და მოხუცების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებისთვის გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და სატრანსპორტო კვანძების ოპტიმიზაციას, მათ შორის, ახალი საგზაო ობიექტების შექმნას. ამ კუთხით შემუშავებულ გეგმაში გათვალისწინებული იქნება მოწინავე ევროპული ქალაქების გამოცდილება, მაღალი ხარისხის კვლევისა და გეგმარებითი სამუშაოების შედეგები.
დაინერგება პარკირების სრულიად ახალი მოდელი. ამოქმედდება ზონირების მექანიზმი, ანუ პარკირების საფასური იქნება განსხვავებული ადგილის, დროისა და ავტომანქანის სახეობის მიხედვით. ეს მიდგომა დაარეგულირებს ადგილებზე მოთხოვნას, ასევე თავისუფალი და დაკავებული ადგილების თანაფარდობას.
ინტენსიური პარკირების ადგილებში უზრუნველყოფილი იქნება „ქუჩისმიღმა" მიწისზედა და მისწისქვეშა ადგილების მოწყობა. „სითიპარკი" ან ჩაეწერება მერიიის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაში, ან მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდება.
ტაქსებისთვის დაწესდება რეგულაციები რეგისტრაცია-გამრიცხველიანების ჩათვლით. სამუშაო განრიგების სინქრონიზაცია ერთდროულად მომუშავე ტაქსების რაოდენობის შემცირებას მოახდენს. მოეწყობა ტაქსის სადგომები და განვითარდება მათი გამოძახების სისტემა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მომხმარებლის ძიებაში თავისუფალი მანქანების ჭარბ რაოდენობას. განვახორციელებთ პროგრამას, რომელიც მოახდენს 10,000-მდე ტაქსის ეტაპობრივ ჩანაცვლებას ჰიბრიდული ავტომობილებით.