მომავალი თაობების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების შემცირებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბავშვთა და მოზარდთა შორის ფიზიკური აღზრდის დონის ამაღლებასა და სპორტში მათ მასობრივად ჩართვას. ამ მიზნით, თბილისის მერიის ხელშეწყობით, გუნდური სპორტის სახეობებში ჩამოყალიბდება სასკოლო ლიგები და რეგულარულად ჩატარდება სკოლების ჩემპიონატები. შემუშავდება და დაინერგება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამა, რომელშიც კუთვნილი ადგილი დაეთმობა როგორც ქალაქის, ისე მისი რაიონების დონეზე ჯანსაღი გარემოსა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საკითხებს.