თანამედროვე სამყაროში, სადაც მშპ-ს 80% ქალაქებზე მოდის, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად გლობალური ქალაქები გვევლინება. დღეს ქალაქები ერთმანეთს ცხოვრების ხარისხის მაღალი დონით ეჯიბრებიან. გლობალური სარეიტინგო კომპანია Mercer-ის კვლევით, თბილისი ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით 231 დიდ ქალაქს შორის მხოლოდ 187-ე ადგილს იკავებს.
თბილისის გრძელვადიანი განვითარების გზა გადის მისი, როგორც პოლიცენტრული ქალაქის განვითარებაზე, შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. რამდენადაც თბილისი მიმდებარე ქალაქებისთვის წარმოადგენს რეგიონულ ცენტრს სავაჭრო, ინდუსტრიული, ფინანსური და სხვა თვალსაზრისით, მისი როლი აგლომერაციის ჭრილში განიხილება. ჩვენ უზრუნველვყოფთ თბილისისთვის ისეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას, რომელიც ინტეგრირებული იქნება ტერიტორიულ-სივრცითი განაშენიანების გენერალურ გეგმასთან. შესაბამისი კვლევებითა და ფართო საზოგადოების მაღალი ჩართულობით გამოვლინდება ცალკეული ეკონომიკური კლასტერები. სტრატეგიაზე დაყრდნობით გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც დაამტკიცებს თბილისის საკრებულო და რომელიც ასახული იქნება ბიუჯეტის კაპიტალური ინვესტიციების შესაბამის მუხლებში. შედეგად, თბილისის განვითარება გახდება შეუქცევადი პროცესი და გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულება განუხრელად იქნება სავალდებულო ნებისმიერი ახალი მერისთვის. ჩვენი საარჩევნო პერიოდის ბოლოს ცხოვრების ხარისხის გლობალური ინდექსით თბილისი რეგიონში მოწინავე ადგილს დაიკავებს.
გრძელვადიან პერიოდში კი თბილისი გახდება გლობალურად კონკურენტუნარიანი ქალაქი სადაც ცხოვრება, მუშაობა, ვიზიტორად ჩამოსვლა და ინვესტირება მიმზიდველი და მომხიბვლელი იქნება ყველასათვის.