შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი

ჩვენ ვიზრუნებთ სკოლამდელი დაწესებულებების ხელმისაწვდომობისა და ამ პროგრამის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისათვის. ამასთან ერთად, ხელი შეეწყობა სკოლამდელი განათლების ალტერნატიული და ინოვაციური მოდელების დანერგვას, აღსაზრდელთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო მასალების, თვალსაჩინოებების, ციფრული თუ ნაბეჭდი რესურსების შექმნას; შევიმუშავებთ და განვახორციელებთ შშმ ბავშვების მხარდაჭერის კომპლექსურ პროგრამას.

 

ყოველწლიურად აშენდება, სულ მცირე, 10 ახალი საბავშვო ბაღი, უზრუნველვყოფთ ბაგა-ბაღების ვაუჩერიზაციას და კერძო სექტორის სტიმულირებას, რომ ახალ საცხოვრებელ კომპლექსებში გათვალისწინებული იყოს საბავშვო ბაღების მოწყობა. ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესს გავხდით გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს.

 

მოვაწყობთ სკოლამდელი განათლების რესურსცენტრებს; განვახორციელებთ პედაგოგების უწყვეტი პროფესიული ზრდის პროგრამას; გავზრდით მშობლების, პროფესიული წრეებისა და საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ჩართულობას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში.

 

სკოლებში მხარს დავუჭერთ ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი  მეცნიერებების გაძლიერებული სასწავლო პროგრამების განხორციელებას  და ვიზრუნებთ სკოლებისათვის შესაბამისი პროფილის სტატუსის მინიჭებაზე; ხელს შევუწყობთ სკოლების საერთაშორისო დამეგობრების პროცესს; განვახორციელებთ პროგრამას - „სასკოლო და მუნიციპალური ბიბლიოთეკები უწყვეტი განათლებისა და სტაბილური განვითარებისათვის"; სტაჟირებისა და მოხალისეობის მექანიზმების ამოქმედებით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გავხდით თბილისის მერიას და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამებისათვის.

 

ნებისმიერი ასაკის მოქალაქისათვის განათლებას ვაქცევთ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობისა და წარმატების მიღწევის ქმედით ინსტრუმენტად/მექანიზმად. მუნიციპალიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით, დავაფუძნებთ პროფესიულ სასწავლებლებს (მაგ., მეტროპოლიტენი, საქალაქო ტრანსპორტი) და დავაფინანსებთ დეფიციტური პროფესიების სწავლებისა და გადამზადების მიზნობრივ პროგრამებს. დავაფინანსებთ სოციალურად დაუცველი  სტუდენტების სწავლას პროფესიული განათლების კუთხით.

 

მომავალი თაობების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების შემცირებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის, განსაკუთრებული  ყურადღება მიექცევა ბავშვთა და მოზარდთა შორის ფიზიკური აღზრდის დონის ამაღლებასა და სპორტში მათ მასობრივად ჩართვას. ამ მიზნით,  თბილისის მერიის ხელშეწყობით, გუნდური სპორტის სახეობებში ჩამოყალიბდება სასკოლო ლიგები და რეგულარულად ჩატარდება სკოლების   ჩემპიონატები.