ჩვენ ყველას: ქვეითად, ველოსიპედით, ავტომობილით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსიარულეს უნდა შევუქმნათ გადაადგილების კომფორტული გარემო. ამასთან, სატრანსპორტო გარემო ერთდროულად და თანაბრად უნდა პასუხობდეს თანამედროვე დინამიკური ქალაქის მოთხოვნებს და უნდა იძლეოდეს მოქალაქეთა და ქალაქის სტუმართათვის მობილობისა და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას. საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში კარდინალური ცვლილებები ქვეითად მოსიარულეთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ბავშვებისა და მოხუცების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. ჩვენი მერიაში საქმიანობის დასაწყისშივე და შემდგომაც, მერიისა და რაიონის გამგეობის წარმომადგენლები პერიოდულად აღწერენ და შეაფასებენ, სად რა შეფერხებაა ქვეითად მოსიარულეთათვის, ბავშვების, მოხუცების და შშმ პირთა გადაადგილებისათვის. ეს ყველაფერი აისახება და განთავსდება ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეები დაამატებენ საკუთარ ინფორმაციას, ხოლო მერიის შესაბამისი სამსახურები განათავსებენ კონკრეტული პრობლემების მოგვარების სქემებს და გადაჭრის ვადებს. თითოეულ თბილისელს ექნება საშუალება, დააკვირდეს, როგორ უმჯობესდება მდგომარეობა ამ კუთხით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.