თბილისის მერიის ხელშეწყობითა და ყველა დაინტერესებული მხარის: საზოგადოების, ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, განათლების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, პოლიციის, კერძო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიხედვით დაინერგება პროგრამა „ჯანსაღი ქალაქი".
ყველა დაინტერესებული მხარის თანამონაწილეობით თბილისში დაინერგება გარემოს დაცვის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ნორმატიული აქტები. ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდება მხოლოდ მაღაკვალიფიციური და გამჭირვალე გარემოსდაცვითი ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი საჯარო განხილვის შემდეგ.
თბილისის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმასა (2011 წ.) და თბილისის გარემოსდაცვით სტრატეგიაზე (2015-2020 წ.წ.) დაყრდნობით შემუშავდება დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით დაბინძურების შემცირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
გაფართოვდება და მოდერნიზდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შემაფასებელი საზედამხედველო ქსელი (დაემატება 5 სადგური); ამოქმედდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სრულფასოვანი, თანამედროვე სისტემა.
შემუშავდება ნარჩენების მართვის გეგმა, რომელშიც დეტალურად გაიწერება სამშენებლო, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების, განთავსებისა და მართვის საკითხები; ძველი და მოქმედი ნარჩენების პოლიგონებზე პერიოდულად ჩატარდება ნიადაგის, მიწისქვეშა წყლებისა და ჰაერის მონიტორინგი, რათა, მათი დაბინძურების შემთხვევაში, ოპერატიულად გატარდეს ღონისძიებები ამ ტერიტორიების ნაგავსაყრელის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
როგორც ძველ, ისე ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში, გათბობის ინდივიდუალური სისტემებია დამონტაჟებული. ყველა შენობას აქვს ენერგოეფექტიანობის სერიოზული პრობლემა. შესაბამისად, დიდია ენერგეტიკული დანაკარგები და გათბობაზე გაწეული ხარჯები. ამ სერიოზული პრობლემის მოგვარების მიზნით, „შენების" გუნდს განზრახული აქვს ენერგოეფექტიანობის პროგრამის განხორციელება. პროგრამის მიხედვით ყოველ მშენებარე კორპუსს წაეყენება ენერგოეფექტიანობის მოთხოვნა, რაც გულისხმობს შენობის ენერგოდანაკარგების მნიშვნელოვნად შემცირებას, გათბობისა და ცხელი წყლის ცენტრალიზებულ სისტემებზე გადასვლას. უკვე არსებული შენობების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობითა და ურთიერთსასარგებლო შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება შენობების თბოიზოლაციის, ენერგეტიკული დანაკარგების შემცირებისა და ინდივიდუალური გათბობის სისტემების ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლით უზრუნველყოფის სისტემებით ჩანაცვლება.