განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ქალაქის დასუფთავებასა და სანიტარული ნორმების მკაცრ დაცვას. გაიზრდება საქალაქო სამსახურების მიერ დასასუფთავებელი საჯარო ადგილების რაოდენობა, ქუჩების დასუფთავების პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ მათი დაგვით, დაინერგება მორწყვა-მორეცხვის ახალი ტექნოლოგიები, მთლიანობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დასუფთავების ხარისხი, რაც, თავის მხრივ, მკვეთრად შეამცირებს ქალაქის დამტვერიანების დონეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაზე და გამართულ ფუნქციონირებაზე. შემუშავდება კონკრეტული გეგმა დღეს არსებული სავალალო მდგომარეობის რადიკალურად შესაცვლელად. დადგინდება სტანდარტები მოსული ნალექისა და სანიაღვრე სისტემის გამტარიანობის თანაფარდობას შორის და მოხდება სანიაღვრე სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.