ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თბილისში, თუმცა ის პირდაპირ კავშირშია ტრანსპორტის საკითხების მოწესრიგებასთან და შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესებასთან. ამდენად, ამ ორი საკითხის განხილვა ერთ სიბრტყეზე უნდა მოხდეს. იმ კომპლექსური ღონისძიებებითა და ერთიანი, სისტემური მიდგომით, რომელიც წინა კითხვაში უკვე წარმოგიდგინეთ, თბილისში უსაფრთხო საგზაო მოძრაობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება; უბედური შემთხვევების რაოდენობა შემცირდება და ის 2014 წლის მაჩვენებელს არ გადააჭარბებს (395 დაშავებული, 299 ავარია, 12 გარდაცვლილი).
აქცენტი გაკეთდება ასევე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაზე და გამართულ მუშაობაზე, რამდენადაც სანიაღვრეების გაუმართაობა ხშირ შემთხვევაში თბილისის ქუჩების პარალიზების მიზეზია. შემუშავდება კონკრეტული გეგმა დღეს არსებული სავალალო მდგომარეობის რადიკალურად შესაცვლელად. დადგინდება სტანდარტები მოსული ნალექისა და სანიაღვრე სისტემის გამტარიანობის თანაფარდობას შორის, რითიც უზრუნველყოფილი იქნება სანიაღვრე სისტემების გამართული ფუნქციონირება.