თბილისში თანაბრად უნდა ვითარდებოდეს ცენტრიც და გარეუბნებიც. ჩვენ დავნერგავთ კერძო სექტორის მასტიმულირებელ ღონისძიებათა ერთობლიობას (პაკეტს) იმისათვის, რომ ქალაქის ყველა უბანში გაჩნდეს მუნიციპალური სერვისები, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების არეალები, სავაჭრო ცენტრები, საბანკო მომსახურების დაწესებულებები, სპორტული, გასართობი და გამაჯანსაღებელი ობიექტები.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დედაქალაქი საცხოვრებლად თანაბრად კომფორტული გახდეს ქვეითად მოსიარულეებისა და ავტომფლობელების, მოხუცებისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და უკლებლივ ყველა თბილისელისათვის.
თბილისის მერიის მიერ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მასალები, და არა დასრულებული გეგმა, დაგვიანებით მომზადდა, თანაც ისე, რომ მას წინ არ უძღოდა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები. ჩვენ პარალელურ რეჟიმში მოვამზადებთ და დავამტკიცებთ ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას და ფართო განხილვებისა და დაინტერესებული მხარეების მაღალი ჩართულობით დავამტკიცებთ ქალაქის მიწათსარგებლობის ახალ გენერალურ გეგმას. გენერალური გეგმის დამტკიცებამდე აუცილებლად ჩატარდება გარემოსდაცვითი ექსპერტიზა. თბილისი უნდა გახდეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი.
ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა ეფექტიანი მონიტორინგისა და საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავება და დანერგვა. ჩვენ 6 თვეში ერთხელ თბილისელებს ჩავაბარებთ ანგარიშს გაწეული სამუშაოსა და მისი შედეგების შესახებ. აიკრძალება გენერალური გეგმიდან რაიმე სახის გადახვევა, რადგან დედაქალაქის წინა და ახლანდელ ხელისუფლებათა მიერ დაშვებულმა „გამონაკლისებმა" წარმოუდგენლად დაამახინჯა ქალაქის იერსახე და ცხოვრება გაურთულა თბილისელებს. მხოლოდ ასეთი მიდგომით, დროულად დაიწყება თბილისის ურბანული ცხოვრების რეალური გაუმჯობესება და სწორი მიმართულებით განვითარება.
მერიის მიერ შეიქმნება თბილისის განვითარების ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტში თავს მოიყრის თბილისის ისტორიის კვლევისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის საკითხები, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტრანსპორტის, მშენებლობისა და ქალაქის ფუნქციონირების სხვა საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და გეგმარებითი დოკუმეტების რეალიზაციის ანალიზის, შეფასების, მათში კორექტირების და შევსების რეკომენდაციის ფუნქციები.