ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალურ ჯანდაცვას დედაქალაქში ავტონომიურობა აკლია, რადგან ის პრაქტიკულად ყველა კომპონენტში ცენტრალურ დონეზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არ არსებობს ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მონიტორინგისა და შეფასების ადეკვატური სისტემა.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის (იხილეთ ზემოთ) სამოქმედო გეგმის რეალიზაციის შედეგად: საფუძველი ჩაეყრება მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემას (მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩათვლით), საგრძნობლად გაუმჯობესდება პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულება, გარკვეულწილად გაუმჯობესდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების ეფექტიანობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება სადაზღვევო მედიცინის მიმართულებით.
ხელი შეეწყობა საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი კვლევების წარმოებას გარემოს დაცვისა და სამედიცინო ეკოლოგიის სფეროში.
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი გარემოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის შემუშავდება სხვადასხვა სასწავლო პროექტი.
ყოველივე ეს კი პოზიტიურად აისახება დედაქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე, რაც ინდიკატორების პოზიტიურ დინამიკას განაპირობებს.