მუნიციპალურ დონეზე საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებების გასაძლიერებლად თბილისის რაიონებში მოეწყობა „ჯანმრთელობის ცენტრები" (200,000 - 400,000 მოსახლეზე). ცენტრების საქმიანობა მიმართული იქნება სამოქმედო არეალში დაავადებათა დროული გამოვლენისა და პრევენციისკენ, ამ მიზნით ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკურაციო რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ოჯახის ექიმებთან, ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მიხედვით განახორციელებენ ლოკალური საჭიროებების, მოთხოვნილებებისა და პრობლემების იდენტიფიცირებას. აქ მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჯანდაცვითი საჭიროებების თაობაზე და აიმაღლებენ ცნობიერებას.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეკვეცა, წამლებისა და გამოკვლევების გაძვირების ფონზე, ძალიან ზრდის მოსახლეობის ხარჯებს. ამ პრობლემას გადავჭრით თბილისში რეალური სამედიცინო დაზღვევის დანერგვით. თბილისელთათვის შეთავაზებული სადაზღვევო პაკეტი სრულად შეავსებს სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ნაწილობრივ დაფარულ მომსახურეობას, გააფართოებს ამბულატორიაში გამოკვლევებსა და წამლებით მკურნალობას, რაც მკვეთრად შეამცირებს თბილისელთა ჯიბიდან გადასახდელ ხარჯებს. შემუშავდება სადაზღვევო პროდუქტები, რომელშიც აისახება: 1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის პაციენტის მიერ თანადაფინანსების ანაზღაურება; 2. პირველადი ჯანდაცვის გაფართოებული კომპონენტი; 3. წამლებით მკურნალობის კომპონენტი. მერია დიფერენცირებული მიდგომის პრინციპით მოახდენს მოქალაქეთა დაზღვევის უზრუნველყოფას, უმთავრესად, შემდეგი ჯგუფებისათვის: I კატეგორია - პირები რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში" 70,000-100,000 ქულით; II კატეგორია - პირები 6-დან 17 წლის ჩათვლით; III კატეგორია - წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები; IV კატეგორია - თვიური 1,000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირები.
დღეისათვის, თბილისის მერიისა და გამგეობების მიერ მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო და სოციალური საჭიროებების საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფარვა კომისიურად წარმოებს, რის გამოც ეს პროცესი მოკლებულია რაიმე სახის სტანდარტიზაციასა და სისტემურობას. შემუშავდება და დაინერგება ინდივიდუალური სამედიცინო და სოციალური დახმარების გაწევის ობიექტური კრიტერიუმები და რეგულაციები, რის შემდეგაც დახმარების გაწევა მოხდება მხოლოდ სპეციალურ და განსაკუთრებულ შემთხვევებში, რადგან ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯს მოქალაქეები არსებითად აიცილებენ სამედიცინო დაზღვევის მუნიციპალური პროგრამით.