შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი

თბილისში თანაბრად უნდა ვითარდებოდეს ცენტრიც და გარეუბნებიც. ჩვენ დავნერგავთ კერძო სექტორის მასტიმულირებელ ღონისძიებათა ერთობლიობას (პაკეტს) იმისათვის, რომ ქალაქის ყველა უბანში გაჩნდეს მუნიციპალური სერვისები, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების არეალები, სავაჭრო ცენტრები, საბანკო მომსახურების დაწესებულებები, სპორტული, გასართობი და გამაჯანსაღებელი ობიექტები. 

 

ჩვენ თბილისის ბიუჯეტიდან ბიზნესის სტიმულირებისთვის გამოვყოფთ მცირე ბიზნესის განვითარების ფონდს. ფონდი მოხმარდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას სპეციალური პროგრამების მეშვეობით, ინვესტიციების წახალისებას და ინვესტორთა მხარდაჭერას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. აქცენტი გაკეთდება თბილისის პრიორიტეტულ ტერიტორიებზე კომერციული ობიექტების ხელშეწყობაზე, რაც ხელს შეუწყობს მრავალფუნქციური გარემოს შექმნას მოსახლეობისთვის სხვადასხვა უბანში და თბილისის პოლიცენტრულ განვითარებას. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ დედაქალაქში მცირე ბიზნესის განვითარების კომპლექსური პროგრამა, რომელიც მოიცავს: ბიზნესის საკონსულტაციო-საინფორმაციო მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის უნარების მოკლევადიან კურსს, სხვადასხვა სპეციალურ სასწავლო პროგრამას, ასევე მცირე ბიზნესის საკრედიტო დაწესებულებებთან საგარანტიო უზრუნველყოფისა და სესხის პროცენტის თანადაფინანსების მსხვილ პროგრამასაც. მცირე ბიზნესის პროექტებისთვის მონეტარული საგარანტიო უზრუნველყოფის ფონდში სახსრების მოცულობა იმგვარად დაიგეგმება, რომ ჯამში მხარდაჭერა გაეწიოს 1,500-2,000 პროექტს საბანკო სესხის მიღებასა და საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში. ამ პროგრამის საფუძველზე დამატებითი სამუშაო ადგილების რაოდენობა, სულ მცირე, 35-40 ათასი იქნება. ჩვენი პროგრამა მერიის, საბანკო დაწესებულებებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა სამმხრივ, კარგად გაწერილ თანამშრომლობას დაეფუძნება. ამასთან ერთად, ძირითადი აქცენტები გაკეთდება პროგრამის მონაწილეთა კარგად ინფორმირებულობაზე, ყველა პროცედურის ადვილად გავლის უნარების ფლობაზე, სუბიექტური ჩინოვნიკური გადაწყვეტილებების ალბათობის გამორიცხვასა და რეალური შედეგების წარმოჩენაზე. სპეციალურ ვებგვერდზე  განთავსდება ინფორმაცია  პროგრამაში ჩართულთა ვინაობის, მათთვის გაწეული დახმარების სახეობის შესახებ და უზრუნველყოფილი იქნება ამ პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობა. დაინტერესებულ პირებს ექნებათ კითხვების დასმის შესაძლებლობა, დასმულ კითხვებს კი ამომწურავი პასუხები თვეში ერთხელ გაეცემა.