შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი

ჩვენი საბიუჯეტო პრიორიტეტების შემუშავებისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული იქება ქალაქის განვითარების ძირითადი ხედვები, რომლებზეც ამ კითხვარის დასაწყისში უკვე მოგახსენეთ. ჩვენ თბილისის მუნიციპალიტეტში დავნერგავთ მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებულ კაპიტალური ინვესტიციების (მართვის სისტემას) გეგმას CIP, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის, გამოიყენება გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების სამართავად და გვეხმარება სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

 

თბილისის ბიუჯეტი გახდება რეალურად პროგრამული და გამჭვირვალე. შეიქმნება მუდმივად განახლებადი, ღია მონაცემთა ბაზა, რომლის მეშვეობითაც თბილისელები მკაფიოდ დაინახავენ, როგორ სრულდება დაგეგმილი სამუშაოები მთლიანად ქალაქში, კონკრეტულ  ქუჩასა თუ უბანში. 

 

თბილისისთვის, როგორც მუნიციპალიტეტისთვის, აქტუალურია ცენტრალურ ხელისუფლებასთან საკუთარი უფლებების მტკიცე დაცვა. მნიშვნელოვანია თბილისის ბიუჯეტში მეტი ფინანსური რესურსის დატოვების უზრუნველყოფა. 2016 წლიდან, „შენების მოძრაობის” ამჟამინდელი წევრების დამსახურებით, თბილისის ბიუჯეტში სრულად რჩება მეწარმე ფიზიკური პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. ჩვენ ამ პროცესს არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც გავაგრძელებთ და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ თბილისის ბიუჯეტში ასევე დარჩეს თბილისის ტერიტორიაზე დაქირავებით მომუშავეთა მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 30%.