შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

2016 წელს თბილისში გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბე, რაც ინვესტიციების ნაკლებობითა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებითაა გამოწვეული. ამის მიზეზი კი, თავის მხრივ, გაუმართლებლად გაზრდილი ბიუროკრატიის მიერ თბილისის 826 მილიონიანი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილის კორუფციულ სქემებსა და არაეფექტიან პროგრამებში ფლანგვაა.

თბილისის მმართველობის ზედა რგოლები დაკომპლექტებულია ნეპოტიზმის საფუძველზე; არაკომპეტენტური მმართველები მხოლოდ თავის ფუფუნებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავენ.

დღეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული ხარჯი 308 მილიონი ლარია, რაც ქალაქს არ ეტყობა, რადგან ამ თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი კორუფციასა და ნეპოტური ნიშნით ბიუროკრატიის ზრდაში იფლანგება; საქმე არაკომპეტენტურად და უხარისხოდ კეთდება.

ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ხშირად კანონდარღვევით, კორუფციული მოტივებით მიიღება, რაც ქალაქის იერსახეს და საცხოვრებელ გარემოს სერიოზულად აზიანებს.

თბილისში განსაკუთრებით მწვავეა ავარიული საცხოვრებელი ფონდის, ასევე შეჩერებული (მიტოვებული) მშენებლობების საკითხი. დღეს ქალაქში 3,000-ზე მეტი ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია (მათი დიდი ნაწილი ე.წ. “ხრუშოვკაა”). დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლებიდან ქირით 1,700-მდე ოჯახია გაყვანილი, ხოლო ქირაში გადახდილი თანხა, ყოველწლიურად, დაახლოებით, 6 მილიონი ლარია. უმეტესობას უწევს საკუთარი სახსრებით, თვითნებურად გამაგრებულ, სიცოცხლისთვის სრულიად შეუსაბამო სახლებში ცხოვრება.

არსებული ბიუროკრატიული პროცედურების ან სხვა შეზღუდვების გამო, ადამიანები ვერ ახერხებენ მათ საკუთრებაში არსებული ავარიული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების აღდგენას ან, თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არაა, ძველის ახლით ჩანაცვლებას.

თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში (ე.წ. კორპუსებში) ცხოვრობს, რომელიც ძირითადად მე-20 საკუნეში, საბჭოთა კავშირის დროს აშენდა, მაშინ არსებული ტექნოლოგიების შესაბამისად, და რომელიც დღეს, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, აბსოლუტურად შეუსაბამოა თანამედროვე სტანდარტებთან. დიდია თბოდანაკარგები და, შესაბამისად, საკმაოდ მაღალია მოსახლეობის ხარჯი ბუნებრივი გაზის თუ ელექტრონერგიის მოხმარებისას.

ქალაქის ეკოლოგიაზე უარყოფითად მოქმედებს გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა, რასაც ამწვავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი უკმარისობა და, შესაბამისად, მისი არაპოპულარობა.