ახალი რეგიონული პირობები და გამოწვევები ქალაქში ახალი საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციების განვითარებას მოითხოვს. რკინიგზის გადატანა გამოათავისუფლებს ტერიტორიას, რომელიც მოგვცემს დედაქალაქის ახალი, ქვეყნისა და რეგიონული მასშტაბის საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრის აშენების შესაძლებლობას (პროექტის დეტალები იხ. ზემოთ).
პროექტი შექმნის არამხოლოდ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილებს, არამედ გაათავისუფლებს დაახლოებით 1,5 მილიონ კვადრატულ მეტრს, სადაც შესაძლებელი იქნება, დაპროექტდეს და აშენდეს თბილისის ახალი ცენტრი, კერძოდ, დაახლოებით 800,000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, 300,000 კვადრატული მეტრი - საოფისე ფართი, ხოლო 200,000 კვადრატული მეტრი - სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და კაფე-რესტორნები. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა 20 ჰექტარი ფართობის "ცენტრალური პარკი".
გარდა იმ შედეგებისა, რაც ზემოთ, სხვადასხვა კითხვებზე პასუხისას უკვე მივუთითეთ, რკინიგზის გადატანის შემთხვევაში:
- საცხოვრებელი გარემო გახდება უსაფრთხო, ჯანსაღი, ხოლო დღეს არსებული რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება - ინვესტორებისთვის მიმზიდველი. ისტორიული ცენტრი და დამოუკიდებელ ტერიტორიაზე შექმნილი თანამედროვე საქალაქო ცენტრი ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფს: ისტორიული ნაწილის შენარჩუნებასა და გაჯანსაღებას; ფუნქციების გადანაწილებას და, შედეგად, ქალაქის ორგანულ განვითარებას.
- 20 ჰექტარ ტერიტორიაზე დაპროექტდება და გაშენდება ქალაქის ცენტრალური პარკი; შეიქმნება ახალი გამწვანებული სივრცეები; მდინარის ცენტრალური ნაწილის მთელს სიგრძეზე მოეწყობა საერთო საქალაქო რეკრეაციული ზონა.
- ქალაქის ახალ ღერძზე ერთიანად აიკინძება რკინიგზის და მეტროს სადგურები, აეროპორტი და აგლომერაციული ცენტრები (მცხეთა, რუსთავი, გარდაბანი); მოეწყობა თბილისის აღმოსავლეთის (კახეთის) და დასავლეთის (მცხეთის) მიმართულებების შემაერთებელი უმოკლესი საავტომობილო მაგისტრალი, რაც გააადვილებს გადაადგილებას, როგორც გამჭოლი, ისე ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ორივე მიმართულებით.
- აუთვისებელი საწარმო-სამეურნეო სივრცის ნაცვლად, თბილისის ცენტრში მივიღებთ ახალ საზოგადოებრივ-საქმიან ცენტრს. თავის მხრივ, ახალი საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პერიფერიულ საცხოვრებელ ტერიტორიებს (400 ჰა), თბილისის ზღვის რეკრეაციულ ტერიტორიასთან ერთობლიობაში, შესძენს პრესტიჟულობას. არსებული დაბალი ღირებულების საცხოვრებელი ფართი განახლდება, რაც, 50%-იანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში, გვაძლევს 3-3,5 მლნ კვ.მ. ახალ საცხოვრებელ ფართობს.