შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

თბილისში საქართველოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, თუმცა ის საქართველოს ეკონომიკის თითქმის ნახევარს ქმნის. ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს სხვა ქალაქებთან და რეგიონებთან შედარებით, თითქმის 2,5-ჯერ მეტია. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისი საკმაოდ დიდი ბაზარია და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში.

თბილისი ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური ცენტრია. შესაბამისად, თბილისშია კონცენტრირებული ბიზნეს აქტივობის დიდი ნაწილი და სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ქალაქს აქვს რესურსი, მოიზიდოს დიდი ოდენობით ინვესტიცია, რაც გაზრდის ეკონომიკას და შეამცირებს სიღარიბესა და უმუშევრობას.

თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მსხვილი პროექტი რკინიგზის გადატანაა. გამოთავისუფლებული ადგილის სწორად ათვისების შემთხვევაში, ქალაქში შეიქმნება ათიათასობით სამუშაო ადგილი. ასევე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, უკეთეს გარემოში იცხოვროს და იმუშაოს.

რკინიგზის გადატანა წელიწადში 6,750 სამუშაო ადგილს შექმნის. ევროპული საქართველოს გათვლებით, ამისთვის საჭიროა დაახლოებით 135 მილიონი ლარის ინვესტიცია, რასაც 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრზე საცხოვრებელი და საოფისე ფართების, აგრეთვე, სავაჭრო ცენტრებისა და კაფე-რესტორნების გაშენება უზრუნველყოფს.

20 ჰექტარზე “ცენტრალური პარკის” გაშენება წელიწადში 500 სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლო ინფრასტრუქტურული ხარჯების ეფექტიანი და გონივრული გამოყენება - დაახლოებით 1,000 სამუშაო ადგილს წელიწადში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქონების გადასახადის შემცირება კერძო სექტორში დაახლოებით 16 მილიონ ლარს დატოვებს, რაც დამატებით 500 სამუშაო ადგილს ნიშნავს. ჯამში 2018 წელსვე თბილისში 8,750 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ასევე, აუცილებელია თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის დაჩქარება, რაც ორივე ქალაქის - მთლიანი აგლომერაციის ლოჯისტიკურ ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს და მოსახლეობისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.