დღეს საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონია. 2016 წელს თბილისში გაიზარდა სიღარიბე და შემცირდა დასაქმება. "ევროპული საქართველოს" პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებასა და მოქალაქეების შემოსავლების მატებაზე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტიკა გადასახადების შემცირებაზეა ორიენტირებული. ადგილობრივი ხელისუფლების ხელთ არსებული ბერკეტი ქონების გადასახადია. სწორედ ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, ყველგან, სადაც "ევროპული საქართველო" გაიმარჯვებს, ქონების გადასახადი 10%-ით შემცირდება. ეს ნიშნავს დამატებით ათეულობით მილიონი ლარის ხალხის ჯიბეში დატოვებას. თბილისში ეს თანხა დაახლოებით 16 მილიონი ლარი იქნება ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 36 მილიონი.
დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროები, "ევროპული საქართველოს" პროგრამის მიხედვით, იქნება თბილისის ცენტრიდან რკინიგზის გადატანა, ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა.
სატვირთო რკინიგზის გადატანისა და ქალაქის ცენტრში უშუალოდ რკინიგზით დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლებისა და განვითარების შედეგად, აშენდება 800,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა, 300,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ოფისი, 200,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სავაჭრო ობიექტი, სასტუმრო და კაფე-რესტორანი, 20 ჰექტარი ფართობის "ცენტრალური პარკი".
ქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გონივრულად და ეფექტიანად განხორციელდება. ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობით თუ არსებულის (დენდროლოგიური პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, ხუდადოვის ტყე) რეკონსტრუქციით, ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობით, სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგ.