თბილისში ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობის მსურველთა მწვავე პრობლემას ბაღებში ადგილების სიმცირე წარმოადგენს. 2015 წლის მონაცემებით, თბილისში ფუნქციონირებდა 160 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც ირიცხებოდა საშუალოდ 56,000-მდე აღსაზრდელი; იმავე პერიოდში საბავშვო ბაგა-ბაღებს მიმართა 6,500 ბავშვის მშობელმა, მაგრამ რეგისტრაცია ვერსად შეძლო. 2017 წლის მონაცემებით, თბილისში ფუნქციონირებს 166 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც ირიცხება საშუალოდ 59,589 აღსაზრდელი; მიმართვის შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის გარეშე დარჩენილია 6,000 ბავშვი.
იმ პირობებში, როცა სისტემას დაემატა 6 საბავშვო ბაღი, რომელიც, საერთო ჯამში, უზრუნველყოფს დამატებით 2,300 აღსაზრდელის მიღებას, მდგომარეობა ფაქტობრივად არ გაუმჯობესებულა და მომლოდინეთა რიცხვი თითქმის უცვლელი დარჩა. პრობლემის აღმოსაფხვრელად კიდევ საჭიროა მინიმუმ 10,000 ადგილი. ახალი ბაღების მშენებლობა არ წარმოადგენს პრობლემის დროული და ეფექტური გადაწყვეტის გზას.
„ევროპული საქართველოს" აზრით, ბაგა-ბაღების დაფინანსება ვაუჩერული გზით უნდა განხორციელდეს. ეს ნიშნავს, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩება საბავშვო ბაღის გარეშე. ბაგა-ბაღები ისევ უფასოდ შეძლებენ აღსაზრდელთა მიღებას, თუმცა ის ბავშვები, რომლებიც ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ მივიდნენ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, კერძო საბავშვო ბაღებში სიარულს შეძლებენ ბიუჯეტის დაფინანსებით.
უფრო კონკრეტულად: "ევროპული საქართველო" შემოიღებს ყოველწლიურ 1,500-ლარიან ვაუჩერს საბავშო ბაღის ასაკის თითოეულ ბავშვზე, რომლითაც დაფინანსება მოხდება არა მხოლოდ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, არამედ კერძო საბავშვო ბაღებშიც. ეს შესაძლებელს გახდის საბავშვო ბაღის ასაკის ყველა ბავშვის დაფინანსებას, რაც, ერთი მხრივ, სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, მეორე მხრივ, გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.