შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა უბნების (შენობა-ნაგებობების) ავთენტურობის შენარჩუნების, უნიკალური ლანდშაფტის გადარჩენის პრინციპისა და იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესების ურთიერთშეჯერებით. ეს ღონისძიებები დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს და გაზრდის ბიზნეს-აქტივობას. თბილისი უნდა იყოს ადგილი, სადაც მცირე, მაგრამ ეფექტიანი ბიუროკრატიის პირობებში, კერძო სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებსა და დოვლათს.

 

"ევროპული საქართველო" აამოქმედებს ისეთივე ან მსგავს მიზნობრივ პროგრამებს, როგორიც იყო თუნდაც ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომლის ფარგლებშიც დასრულდა არაერთი დაუმთავრებელი მშენებლობა და ავარიულ სახლებში მცხოვრები ბევრი მოქალაქის საბინაო პრობლემა გადაწყდა. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მენაშენეს, რომელსაც ავარიული შენობის ადგილზე ახალი პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის მიერ წინასწარ მიცემული გარანტიის საფუძველზე, ბანკი მისცემს მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო კრედიტს.

 

"ევროპული საქართველო" დაიწყებს ავარიული სახლებით დაკავებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, განაშენიანების რეგულირების გეგმების შექმნას, რომელთაგან თითოეული პრაქტიკულად იქნება ავარიული სახლების ადგილას ახალი მშენებლობისათვის საჭირო საინვესტიციო პროექტი. მერია, ყოველი ასეთი პროექტის დამუშავების ფარგლებში, დაადგენს თითოეული შენობისთვის კონკრეტული განაშენიანების მოცულობებს და განსაზღვრავს ყველა იმ  პარამეტრს, რომელიც, ერთი მხრივ,  ამ პროექტს საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველს გახდის და მეორე მხრივ,  გაითვალისწინებს ქალაქის ურბანულ ინტერესს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მერია აქტიურად მიაწოდებს ინფორმაციას ავარიულ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას და პოტენციურ ინვესტორებს. ამ პროცესში, მერია ავარიულ სახლში მცხოვრები პირისთვისაც და ინვესტორისთვისაც უნდა გახდეს პროექტის გარანტი, რაც გულისხმობს ინვესტორისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას, ყველა საკითხის ეფექტურად გადაწყვეტის გზით, მერიის კომპეტენციის ფარგლებში.