“ევროპული საქართველოს” გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გადატანაა. რკინიგზის გადატანის შედეგად, საცხოვრებელი გარემო გახდება უსაფრთხო, ჯანსაღი, ხოლო უძრავი ქონება ინვესტორებისთვის მიმზიდველი. საცხოვრებელ უბნებს მოეხსნებათ მუდმივი ხმაურის, ჰაერის დაბინძურების, მაღალი ძაბვის გამოსხივების ზემოქმედება და ეკოლოგიური საფრთხე. გაუქმდება რკინიგზის სიახლოვეს მოქმედი სამშენებლო შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება მიმდებარე უბნების განვითარება. გამოთავისუფლებული ტერიტორიის ნაწილზე, 20 ჰექტარზე გაშენდება “ცენტრალური პარკი”.
“ევროპული საქართველო” განაახლებს არსებულ პარკებს და არ დაუშვებს სტატუსებით მანიპულაციას, როგორც ეს, მაგალითად, ბოტანიკური პარკის შემთხვევაში მოხდა. ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით მოხდება ახალი სკვერებისა და მინიპარკების განაშენიანება. მოხდება არა მხოლოდ ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა, არამედ არსებულის (დენდროლოგიური პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, ხუდადოვის ტყე) რეკონსტრუქცია, მცირე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა თბილისელებისთვის.
ყველა გადაწყვეტილება ახალი მშენებლობის შესახებ მიღებული იქნება კონკრეტული უბნის საცხოვრებელი გარემოს, ეკოლოგიური მდგომარეობის, საკომუნიკაციო ქსელების გათვალისწინებით. ტურისტულ ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, შეიქმნება ახალი რეკრეაციული ზონები.
დღეს თბილისის ბიუჯეტიდან გამწვანებაზე 25 მილიონი ლარი იხარჯება. ამ თანხის დიდი ნაწილი ისევ ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება, ხოლო ნაწილი უბრალოდ იფლანგება, რადგან ნარგავების დარგვისას და მოვლისას არ არის დაცული შესაბამისი სტანდარტები. ამ თანხით სავსებით შესაძლებელია ოთხი წლის განმავლობაში ქალაქის გამწვანების საკითხში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა.