შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

ევროპის ქალაქების მერების შეთანხმების შესაბამისად, 2020 წლამდე თბილისში CO2 20%-ით უნდა შემცირდეს. სამწუხაროდ, თბილისში გარემოს დაბინძურებისა და ეკოლოგიის მხრივ მძიმე მდგომარეობაა და ეს პრობლემა კომპლექსურ ხასიათს ატარებს. დაბინძურების მთავარი წყაროები ავტომანქანები და მათი გამონაბოლქვი, მშენებლობები, მათი ნარჩენები და მტვერი, მოსახლეობის მიერ ტექნიკური პარამეტრების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობლები და მწვანე საფარის ნაკლებობა. ეს ყოველივე გვაძლევს საკმაოდ მძიმე სურათს და პრობლემიდან გამოსავალიც კომპლექსური ხასიათის უნდა იყოს.

 

პირველ რიგში, აუცილებელია განიტვირთოს საავტომობილო მოძრაობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხოლოვნურად შემოღებული რეგულაციების გზით და ისედაც შეჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა უნდა გახდეს. ამ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ. 10 წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტს საერთოდ აღარ ეყოლება დიზელზე და ბენზინზე მომუშავე, გამონაბოლქვის გამომყოფი ტრანსპორტი. იქამდე კი:

 

  • ავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად, მეტროსთან ერთად უნდა განვითარდეს ეკოლოგიისთვის აბსოლუტურად უვნებელი, თანამედროვე ტრამვაი და საბაგირო გზა;
  • მოეწყობა ფეხით მოსიარულეთათვის ,,ზებრა" გადასასვლელები, ველობილიკები, საფეხმავლო სივრცეები.

 

ყოველივე ეს განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას და გარკვეულ შეღავათს მისცემს ქალაქის ეკოლოგიას. გარდა ამისა:

 

  • მშენებლობის მიმდინარეობისას მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს ისეთი ელემენტარული ნორმების დაცვაზე, როგორიცაა მშენებლობის შეფუთვა და ნაგვის გატანა;
  • სპეციალურად სამშენებლო ნარჩენებისთვის უნდა გაიხსნას ცალკე ნაგავსაყრელი;
  • ყველა გადაწყვეტილება ახალი მშენებლობის შესახებ მიღებული იქნება კონკრეტული უბნის საცხოვრებელი გარემოს, ეკოლოგიური მდგომარეობის, საკომუნიკაციო ქსელების გათვალისწინებით;
  • თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება პროექტები, რომელიც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში აამაღლებს ენერგორესურსების მოხმარების ეფეტურობას, ამით დაწევს კომუნალური ხარჯებს და შეამცირებს გარემოზე უარყოფით გავლენას.

 

ყოველივე ეს, რკინიგზის ცენტრიდან გადატანისა და მწვანე ნარგავების მასის გაზრდასთან ერთად, თვისობრივად გამოასწორებს თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას.